ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფი დაამტკიცეს - ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდება და 40 თეთრი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობის ღირებულების რეალური ტარიფი გაცილებით მეტია და 60 თეთრამდე აღწევს, ქუთაისის მერიამ და საკრებულომ გამოძებნა დამატებითი ფინანსები და შეძლო, რომ ქუთაისის მუნიციპალური ტრანპორტით მგზავრობა არ გაძვირებულიყო.
მათივე ცნობით, 30 000 მდე მოქალაქე მგზავრობისას სხვადასხვა შეღავათით, მათ შორის უფასო ან განახევრებული ტარიფებით ისარგებლებს. კერძოდ, შეღავათები შეეხება მათ, ვინც აქამდე სარგებლობდა შეღავათიანი ტარიფებით, ამასთანავე, 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ როგორც უნივერსიტეტების, ასევე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები.
„დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული საკრებულოს სხდომაზე, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფებს შეეხება. ჩვენ არ ვზრდით მგზავრობის ღირებულებას და ის კვლავ 40 თეთრი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი გათვლებით, მგზავრობა რეალურად გაცილებით ძვირი ღირს. გვაქვს სხვადასხვა სახის შეღავათები, მათ შორის 50%-იანი ფასდაკლება სტუდენტებისთვის. სულ მალე ავტობუსებში ამოქმედდება საბარათე გადახდის სისტემაც. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანაქალაქელებისთვის მისაღები და მოსახერხებელი იქნება როგორც მგზავრობის ტარიფი, ასევე გადახდის თანამედროვე მეთოდების დანერგვა“, - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საბარათე გადახდის სისტემა ქალაქის ავტობუსებში მაისიდან ამოქმედდება.