ვინ მიაწვდის მთავრობას 60 თეთრ პიკაპს - გამარჯვებული კომპანია ცნობილია

შესყიდვების სააგენტოს მიერ 60 თეთრი ფერის პიკაპის შესყიდვაზე ტენდერი დასრულდა.

მთავრობას აღნიშნულ ავტომობილებს კომპანია „ჯი-თი მოტორსი“ მიაწვდის.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, კონსოლიდირებულ ტენდერში უმცირესი ფასი 5 909 640 ლარი სწორედ შპს „ჯი-თი მოტორსმა“ დააფიქსირა.

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანების მე-17 მუხლის მეათე პუნქტის თანახმად, თუ კონსოლიდირებული ტენდერი ჩატარებულია მეთოდით, რომელიც არ ითვალისწინებს ელექტრონული ტენდერის ვაჭრობას დამატებითი რაუნდებით, გამარჯვებულად ვლინდება ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი, რომლის სატენდერო წინადადება სრულად შეესაბამება სატენდერო პირობებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია წინამდებარე კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტად გამოვლინდეს შპს „ჯითი მოტორსი“, - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ 60 თეთრი პიკაპის შესყიდვაზე ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა. ბოლო ტენდერში წინადადებების მიღება 22 აპრილს დაიწყო და 23 აპრილს დასრულდა. სატენდერო პირობების მიხედვით, მომწოდებელი ვალდებულია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება 2021 წლის 1-ელ ივლისამდე განახორციელოს. ავტომობილების შესყიდვის სავარაუდო თანხა 5 983 200 ლარი იყო, თუმცა, როგორც გაირკვა, „ჯი-თი მოტორსმა“ ყველაზე მცირე თანხა შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ „ჯი თი მოტორსი“ ბოლო წლების განმავლობაში არაერთ სახელმწიფო ტენდერის გამარჯვებულია. მან შემოიყვანა დედაქალაქში ლურჯი ავტობუსების დიდი ნაწილი და ასევე ლურჯი მიკროავტობუსებიც.

„ჯი-თი მოტორსი“ 2010 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-იან წილს შპს „ჯი-თი გრუპი“ ფლობს. ეს უკანასკნელიც 2010 წელს დარეგისტრირდა. რეესტრის მიხედვით, „ჯი-თი გრუპის“ 33%-ს გიორგი თავდიშვილი, 34%-ს გიორგი გველესიანი, 33%-ს კი თემურ უსტიაშვილი ფლობს, რომელიც ასევე არის, როგორც „ჯი-თი მოტორსის“, ასევე „ჯი-თი გრუპის“ დირექტორი.