Lufthansa-ს სუფთა ზარალი შარშანდელთან შედარებით განახევრდა

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa განცხადებას ავრცელებს და პირველ ფინანსურ კვარტალს დადებითად აფასებს. ავიაკომპანიის სუფთა ზარალმა, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად მოიკლო, რაც ხარჯების შემცირებამ გამოიწვია.

პირველ კვარტალში სუფთა ზარალმა 1,05 მლრდ ევრო შეადგინა, რაც 1,27 მლრდ დოლარია. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული სუფთა ზარალის თითქმის ნახევარია. აგრეთვე, მოიკლო გადასახადებისა და პროცენტების გადახდამდე დაზუსტებულმა ზარალმაც (EBIT) და პირველ კვარტალში 1,14 მლრდ ევრო შეადგინა.

ავიაკომპანიაში მოელიან, რომ მეორე კვარტალში მოთხოვნა თანდათან გაიზრდება, ხოლო წლის მეორე ნახევარში საავიაციო ბაზარი მნიშვნელოვნად აღდგება.

„ვაქციანაციის პროგრამისა და ტესტირების მზარდი აღიარების წყალობით, გვაქვს მოლოდინი, რომ წლის მეორე ნახევარში ბაზარი მნიშვნელოვნად აღდგება,“ - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში, რომელსაც Reuters ავრცელებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ