მომხმარებელმა პროდუქტის შეძენის გადაწყვეტილება რომ მიიღოს, მის ხარისხთან, შიგთავსთან, გემოვნურ თვისებებთან ერთად, ზეგავლენას ახდენს ვიზუალი. სწორედ ამიტომ იქცა შეფუთვებისა და ეტიკეტები ვიზუალის დამზადება ერთგვარ ხელოვნებად. კვალიფიციურ დიზაინერებზე კი ვინც ამ მიმართულებით მუშაობენ, საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.
არსებობს სხვადასხვა სახის ეტიკეტების და შეფუთვები, ინდივიდუალური, ორმხრივი, სარკისებრი და სხვა, თუმცა ყველა მათგანის დამზადებისას მნიშვნელოვანია, არ ჩამორჩე ტრენდს და შექმნა კრეატიული პროდუქტი.
რა უნდა გაითვალისწინონ კომპანიებმა, რომ მათი პროდუქტი ვიზუალურად უფრო მიმზიდველი გახდეს და ამის მეშვეობით, გაყიდვები გაზარდონ, ამის შესახებ Color Design Studio-ს არტ დირექტორს გიორგი იველაშვილს ვესაუბრეთ:
ალბათ არსებობს ტრენდი, რომელსაც კომპანიები ეტიკეტებისა და შეფუთვების დამზადებისას მიჰყვებიან. როგორია ის ახლა?
ტრენდს ჩვენ არ ვირჩევთ, ის იქმნება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, საქართველოსთვის კი უფრო ევროპაში. ტრენდის ვიზუალები ყოველ 3-4 წელიწადში ერთხელ ახლდება. როგორც ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის დიზაინში პერიოდულად შემოდის გარდამტეხი სიახლეები, ისეა ეტიკეტისა და შეფუთვის დიზაინშიც. განახლების შემდეგ კი ჩვენ ახალ მიმართულებას მივყვებით და დამკვეთებსაც შესაბამის ტრენდს ვთავაზობთ.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ გვკარნახობს აღნიშნულ ტენდენციებს, მას ქმნიან მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები, ნერგავენ საერთაშორისო კომპანიები და შემდეგ დანარჩენ ქვეყნებში ვირუსულად ვრცელდება.
ახლა მაქსიმალურად მინიმალისტური, გასულ საუკუნეში პოპულარული ტრენდი გვაქვს. წლების წინ ამგვარ ვიზუალს არავინ მიმართავდა, თუმცა ახლა კომპანიების უმეტესობა მინიმალიზმს და ფერთა კონკრეტულ გრადაციებს ითხოვს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, დიზაინერი ეტიკეტირებისა და შეფუთვის ტრენდების საქმის კურსში იყოს. მან უნდა იაროს გამოფენებზე, თვალი ადევნოს წარმატებულ პროდუქტს, გაეცნოს კვლევებს, ჩაერთოს ფორუმებში და მუდმივად განვითარდეს.
შეფუთვისა და ეტიკეტირების დიზაინში არსებობს თუ არა გარკვეული ხრიკები, რაც პროდუქტს უფრო მიმზიდველსა და მაღაზიის დახლზე მეტად შესამჩნევს ხდის?
ეტიკეტისა და შეფუთვის შერჩევის დროს იმასაც ვითვალისწინებთ, მაღაზიის თაროზე როგორ გამოჩნდება და რამდენად გაუწევს კონკურენციას იმავე, თუმცა სხვა წარმოების პროდუქტს.
ასევე, მნიშვნელოვანია, შეისწავლო ფერები, რასაც კონკურენტები ეტიკეტზე ან შეფუთვაზე იყენებენ და შენ უკეთეს და უფრო შესამჩნევ ფერთა პალიტრას მიმართო. ასევე, მნიშვნელოვანია, შენი შეფუთვა ან ეტიკეტი არ ჰგავდეს სხვას და შეინარჩუნო ავთენტურობა.
გარდა ამისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხრიკი არის დიზაინის პერიოდულად შეცვლა. არის მსოფლიო ბრენდები, რომელთა გაყიდვებზეც დიზაინი უკვე ნაკლებად ახდენს ზეგავლენას, იქნება ეს „კოკა-კოლა“ თუ „სნიკერსი“, მაგრამ გარკვეულ პროდუქტს წელიწადნახევარში ერთხელ შეფუთვის განახლება ესაჭიროება. პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ეს გაყიდვებს მნიშვნელოვნად ზრდის.
როგორ ფიქრობთ, შეფუთვებისა და ეტიკეტების დიზაინი რამდენად მრავალფეროვანი და საინტერესოა ჩვენს ქვეყანაში? რა გამოწვევები არსებობს ამ მიმართულებით?
მთავარი გამოწვევა არის ნდობა დიზაინერის და ზოგადად, დიზაინის სტუდიის მიმართ. კლიენტთა ნაწილი მიმართულია იმისკენ, რომ სხვისი მსგავსი შეფუთვა გაკეთდეს, რადგან წარმატებულ მაგალითს ხედავს.
თავდაპირველად, როცა მუშაობა დავიწყეთ და სტუდია შევქმენით, დამკვეთები მხოლოდ თავიანთი იდეების განხორციელებას გვთხოვდნენ. გარკვეული დროის შემდეგ, როცა გამოცდილება დავაგროვეთ, ახალ დამკვეთებს ჩვენს ნამუშევრებს ვუჩვენებდით და ტრენდისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენივე შემუშავებულ დიზაინს ვთავაზობდით. დღეს, ეს პროცესი მისულია იქამდე, რომ დამკვეთები ითვალისწინებენ ჩვენს რეკომენდაციებს, თუმცა როგორც აღვნიშნე, გამოწვევები ისევ არსებობს.
საინტერესოა, Color Design Studio-ს აქვს თუ არა სტარტაპების ან მცირე ბიზნესის ხელშემწყობი შეთავაზება?
მათთვის ჩვენ გვაქვს სპეციალური შეთავაზება და ძალიან მიმზიდველი ბიუჯეტი: შეფუთვებისა და ბრენდინგისთვის უწევთ მხოლოდ 600 ლარის გადახდა, რაც მინიმალური თანხაა იმისთვის, რა შედეგსაც შემდეგ იღებენ.
ასეთი მიდგომა ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან შემდეგ სტარტაპები თუ დამწყები ბიზნესები იზრდებიან და წარსულში მიღებული პოზიტიური შედეგების გამო ისევ ჩვენთან მოდიან. აღსანიშნავია, რომ ბიზნესებს განსაკუთრებით მიმზიდველ ფასს ვთავაზობთ მაშინ, როცა ჩვენსავე სტამბაში გადაწყვეტენ ეტიკეტის ან შეფუთვის ბეჭდვას.
როგორც წესი, ისინი ჩვენს სტამბას მიმართავენ, რადგან ამიერკავკასიაში საუკეთესო ტექნოლოგიებს ვფლობთ და იმ შეფუთვებსა და ეტიკეტებს, რომლებიც მათი გამოყენებით არის დამზადებული, მაღაზიებში ერთი შეხედვით გამოარჩევთ.