2021 წლის იანვარ-მარტში საქონლის ექსპორტი 5,2%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის მოცულობა 2.4%-ით შემცირდა

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2021 წლის იანვარ-მარტში საქონლის ექსპორტი 5,2%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის მოცულობა 2.4%-ით შემცირებულია.

როგორც თოდრაძემ განმარტა, უშუალოდ 2021 წლის მარტში ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 31%-ით, ხოლო იმპორტი დაახლოებით 18%-ით.

როგორც საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში დარეგისტრირდა 5291 ახალი საწარმო, რაც დაახლოებით 2,2-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

„აღსანიშნავია ისიც, რომ დაახლოებით 22%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და თითქმის 8 მილიარდ ლარს გაუტოლდა.

რაც შეეხება მიზეზებს, სექტორულ ჭრილში - საფინანსო საქმიანობის ზრდის გამომწვევ მიზეზად გვევლინება კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდა, რაც დაკავშირებული იყო როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის გაცემულ გრძელვადიან სესხებთან. ვაჭრობის სექტორში ზრდა ძირითადად უკავშირდება, მსუბუქი ავტომობილების ვაჭრობის მოცულობის გაფართოებას. დაახლოებით 29%-ით გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. გაზრდილია საცალო და საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით, ბენზინით და დიზელის საწვავით, სამშენებლო მასალებით, შავი და ფერადი ლითონებით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით და ტანსაცმლით. ამასთან, 31% -ით გაიზარდა ბუნებრივი არის, ხოლო 10%-ით ნავთობპროდუქტების იმპორტის მაჩვენებელი“,-განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.