"ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობა ის მთავარი პლატფორმაა, რომელზეც აშენდება ნდობა არა მხოლოდ „ნამახვანჰესის“ პროექტის, არამედ, ზოგადად ქართული ენერგეტიკის ირგვლივ"

მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელისგან, დირკ ბუშლესგან დღეს მივიღეთ დადებითი პასუხი, რომ პირადად ჩაერთვება „ნამახვანჰესის“ ირგვლივ არსებული პროცესების მედიაციაში - სამთავრობო სტრუქტურებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომლის დროსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები დირკ ბუშლესთან ნამახვანიჰესის პროექტის მედიაციის პროექტში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ჩართვის საკითხზე შეთანხმდნენ.

„ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი „ნამახვანჰესის“ პროექტის მედიაციაში ჩართვა ნიშნავს, რომ აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებს უშუალო კომუნიკაცია ექნებათ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებსაც ნამახვანის პროექტზე გარკვეული კითხვები აქვთ. შედეგად, მოხდება მთლიანად გარემოსდაცვითი პროცესისა და სხვა დაკავშირებული პროცედურების რევიზია, მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსია და შეთანხმება. დარწმუნებულები ვართ, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობა არის ის მთავარი პლატფორმა, რაზეც აშენდება ნდობა არა მხოლოდ ნამახვანის პროექტის, არამედ ზოგადად, ქართული ენერგეტიკის ირგვლივ“, - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება საქართველოსა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მქონე სხვა ქვეყნებს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაში ეხმარება.