"ძალიან მნიშვნელოვანია, მივიღოთ კომპეტენტური მოსაზრება ნეიტრალური და მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელ დირკ ბუშლესთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე კომპეტენტური და ნეიტრალური მოსაზრებები მოისმინა.

„ჩვენთვის მისასალმებელია ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ჩართულობა ნამახვანის პროექტის მედიაცია - კომუნიკაციის პროცესში, რომლის დროსაც საქართველოს მხრიდან ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას - სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, აქტივისტებს, პროტესტის მონაწილეებს, მიეცემათ საშუალება ჩაერთონ და გადახედონ ყველა იმ პროცედურას, რომელიც სამინისტროებმა გაიარეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, მივიღოთ კომპეტენტური მოსაზრება ნეიტრალური და მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, მიემართა ევროკავშირის ენერგოგაერთიანებისთვის, ჩართულიყო მედიაციის პროცესში საზოგადოებასთან.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს საზოგადოების ძალიან მაღალი ინტერესი ნამახვანის პროექტის გარშემო. მათ შორის, არსებობს გარემოს დაცვითი შეფასების კუთხით კითხვები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პროცედურა იყო ზედმიწევნით დაცული, მნიშვნელოვანია რომ კომუნიკაციის პროცესი წარიმართოს საერთაშორისო მედიაციით, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.