Nestlé ნიუკასლის ქარხანას ხურავს და 600-მდე სამუშაო ადგილს ამცირებს

საკვები და სასმელი პროდუქტების მწარმოებელი შვეიცარული მულტინაციონალური კონგლომერატი, კორპორაცია Nestlé დიდ ბრიტანეთში ერთ ქარხანას ხურავს და 600-მდე სამუშაო ადგილს ამცირებს. ინფორმაციას skynews ავრცელებს. ნიუკასლთან ახლომდებარე ფოუდონის ქარხანა კომპანიისთვის წამგებიანია და ბრიტანეთისა და კონტინენტის სხვა ქარხნებში გადანაწილდება.

ფოუდონის ქარხანა 1958 წელს გაიხსნა და საკონდიტრო პროდუქციას, მათ შორის ხილის კვერებს აწარმოებდა. ქარხანა 2023 წლის ბოლოსთვის დაიხურება. მთლიანობაში, დიდი ბრიტანეთის ქარხნებში Nestlé-ს 8000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ხოლო ფოუდონის ქარხანას კომპანიაში „მცირე, ნაკლებადმზარდი ბრენდების სახლს“ უწოდებენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ქარხანა მრავალფეროვანი და რთული ტექნოლოგიების ურთიერთნაზავს წარმოადგენს.

„იორკსა და ჰალიფაქსში ჩვენი ქარხნები უფრო მკაფიო სპეციალიზაციისაა და კომპანიის ზოგიერთი მსხვილი ბრენდის პროდუქციასაც აწარმოებენ. იორკის ქარხანაში 20,2 მლნ ფუნტი სტერლინგის ინვესტიციას ვგეგმავთ, რომ KitKat-ის წარმოება გავზარდოთ და მოდერნიზებული გავხადოთ. ამ ქალაქში ჩვენი ბრენდი პირველად 1935 წელს შეიქმნა. ხოლო საუკუნოვან ჰალიფაქსის ქარხანაში 9,2 მლნ ფუნტი სტერლინგის ინვესტირებას ვაპირებთ, რათა ის გადავაწყოთ და ფოუდონის ქარხნის მიმდინარე წარმოება თავის თავზე აიღოს. ამით მისი დანიშნულება კიდევ უფრო გაიზრდება,“ - ნათქვამია Nestlé-ს განცხადებაში.

კომპანიის მიერ 600 თანამშრომლის შემცირება დიდი ბრიტანეთის პროფკავშირების გაერთიანება GMB-მა გააკრიტიკა, ხოლო ლეიბორისტული პარტიის დეპუტატმა ნიუკასლიდან, ქეთრინ მაკკინელმა Nestlé-ს გადაწყვეტილებას დამანგრეველი უწოდა.

„ძნელია, დაეთანხმო იმას, რომ საკვები პროდუქტების უმსხვილეს კომპანიას ასობით თანამშრომლის სახლში გაშვება დასჭირდა მაშინ, როცა სულ ახლახან მან, ბოლო 10 წელიწადში, ყველაზე დიდ კვარტალურ ზრდას მიაღწია,“ - აცხადებს ქეთრინ მაკკინელი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ