ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოვაკის“ 100 ათასი დოზა საქართველოში დღეს შემოვა.
როგორც გაბუნიამ კლინიკური საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, „სინოვაკის“ გამოყენება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციის შემდეგ დაიწყება, თუმცა ამ პროცესის დაყოვნების შემთხვევაში, „სინოვაკის“ გამოყენების პირობებზე საბჭო კიდევ იმსჯელებს.
„სინოვაკის“ 100 ათასი დოზა, რომელიც ჩინეთის მთავრობის დონაციაა საქართველოსთვის, დღეს ჩამოვა ქვეყანაში. „სინოვაკის“ თაობაზე ვაქცინაციის საბჭო დამატებით იმსჯელებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის პირობით მოხდება „სინოვაკის“ გამოყენება. მაისის დასაწყისი არის დაანონსებული „სინოვაკის“ ავტორიზაციის თარიღი, ამას დაველოდებით, მაგრამ თუ გადავადდა და დაყოვნდა ეს პროცესი, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით საბჭო იმსჯელებს „სინოვაკის“ გამოყენების პირობებზე. მას ფართოდ იყენებს თურქეთი, არის აზერბაიჯანშიც, უკრაინაშიც. „სინოვაკის“ შედეგები არის საკმაოდ კეთილსაიმედო. ეფექტიანობის თვალსაზრისითაც კარგი მონაცემებია და მნიშვნელოვნად ამცირებს მძიმე შემთხვევების და სიკვდილობის მაჩვენებელს“,- განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება „სინოფარმს“, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, „სინოფარმის“ გამოყენება ვაქცინაციის პროცესში 4 მაისს დაიწყება იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა ავტორიზაციას.
„კვირის ბოლომდე წესით წინასწარი რეკომენდაცია გვეცოდინება. შესაძლოა, დრო დასჭირდეს ჯგუფს გადაწყვეტილების მისაღებად, რაც ჩვენს შემთხვევაში ვაქცინაციის პროცესს არ შეაფერხებს. „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება 4 მაისიდან. ის ავტორიზებულია 35 ქვეყანაში, 200 მლნ დოზაზე მეტი აქვს „სინოფარმის“ მწარმოებელს გაცემული და ფართო მოცვა არსებობს. მისი უსაფრთხოების შესახებ კითხვის ნიშნები არ არის. ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციას და ვფიქრობ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაც მალევე დაეწევა ამ პროცესს, თუ არ დაასწრებს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.