გაყინულ ქათმის ხორცში წყლის შემცველობის ზღვარი 7%-მდე გაიზარდა

გაყინულ ქათმის ხორცში წყლის შემცველობის ზღვარი აქამდე დაანონსებული 5%-დან 7%-მდე გაიზარდა.

ამას ითვალისწინებს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“.

შეგახსენებთ, რომ ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ რეგლამენტი, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში, 2021 წლის იანვარში დროებით შეჩერდა. დოკუმენტის მიხედვით, ტექნიკური რეგლამენტი 2021 წლის 1-ელ აპრილამდე იყო შეჩერებული. მაშინ რეგლამენტის მოქმედების შეჩერების მიზეზად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიმდინარე განხილვას ასახელებდა. „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების თანახმად, მსო-ს წევრი ქვეყნების ექსპორტიორებმა, სავაჭრო ურთიერთობების და ექსპორტთან დაკავშირებული საკითხების ჭრილში მოითხოვეს ფრინველის ხორცის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტთან დაკავშირებული საკითხის ორგანიზაციაში განხილვა, რაც 60-დღიანი ტექნიკური პროცედურაა“, - განმარტავდნენ სამინისტროში.

საკანონმდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნებული მთავრობის დადგენილების მიხედვით კი, „გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ტანხორცსა და ახალ, გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ნაჭრებში წყლის საერთო შემცველობა, მიუხედავად გამოყენებული გაციების მეთოდისა, განისაზღვროს არაუმეტეს 7%-ით. გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ტანხორცსა და ახალ, გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ნაჭრებში ქიმიური მეთოდით წყლის საერთო შემცველობის გამოკვლევით მიღებული შედეგი უნდა შედარდეს შესაბამისი დანართით განსაზღვრულ მაქსიმალურ ნორმასთან.“

„დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე - აღნიშნულია დოკუმენტში.