2008 წლის შემდეგ ასეთი შედეგი მთავრობამ პირველად მოიმკო
საქართველოს სამშენებლო და უძრავი ქონების ბაზარი ჩინელებმა აიღეს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მე-3 კვარტალში ქვეყანაში 507,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. აქედან 150 მლნ დოლარამდე ჩინეთმა შემოიტანა. ”რეზონანსს” სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განუცხადეს, რომ ჩინური ინვესტიციები, ძირითადად, მშენებლობაში, საფინანსო სექტორსა და უძრავ ქონებაში ჩაიდო.
2014 წლის მესამე კვარტალში შემოსულმა ინვესტიციებმა 6-წლიანი რეკორდი მოხსნა. ერთ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ბოლოს 2008 წლის მე-2 კვარტალში შემოვიდა - 605 მილიონი დოლარი. მთლიანობაში, სამ კვარტალში საქართველოში ინვესტორებმა 924 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოიტანეს. მთავრობა 1-მილიარდიანი საინვესტიციო გეგმის შესრულებას წელს ნამდვილად მოახერხებს.
წინასწარი მონაცემებით, მე-3 კვარტალში ინვესტიციები 99 პროცენტით აღემატება 2013 წლის მესამე კვარტალის მონაცემებს. ინვესტიციების მიხედვით, პირველ ადგილზე ჩინეთია. ამ ქვეყანამ ივლის-სექტემბერში მოულოდნელად 149 მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდება მოახდინა, მაშინ, როდესაც მე-2 კვარტალში ჩინური ინვესტიცია 6 მილიონი იყო, 1-ელ კვარტალში კი სულაც 2 მლნ დოლარი.
ინვესტიციების სიდიდით მეორე ადგილზე აზერბაიჯანია - 95 მილიონი დოლარი, ხოლო მესამეზე ნიდერლანდები - 90 მილიონი დოლარი.
უმსხვილესი სექტორების წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) მესამე კვარტალში 69 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მშენებლობის სფეროში განხორციელდა - 181 მილიონი დოლარი. მეორე ადგილზეა ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 109 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე უძრავი ქონება - 61 მილიონი დოლარით.
ენერგეტიკაში ინვესტიციები ისევ შემცირდა, არადა, დაანონსებული ჰესების მშენებლობის ფონზე, ყველაზე მეტი ინვესტიცია სწორედ ამ სექტორს უნდა მიეღო. მესამე კვარტალში ენერგეტიკამ 36 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო, ანუ 9 მილიონი დოლარით ნაკლები მე-2 კვარტალთან შედარებით. მთლიანობაში 2014 წელს ენერგეტიკის სექტორში 93 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც 104 მილიონი დოლარით ჩამორჩება 2013 წლის სამი კვარტალის მაჩვენებელს, ხოლო 41 მილიონი ლარით 2012 წლის მაჩვენებელს.
უმნიშვნელოდ იზრდება ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში. წელს ამ სექტორში უცხოელმა ინვესტორებმა 14 მილიონი დოლარი დააბანდეს, 6 მილიონი დოლარით მეტი შარშანდელთან შედარებით, ხოლო 1 მილიონი დოლარით ნაკლები 2013 წელთან მიმართებაში.
ეკონომიკის ექსპერტის, აკადემიკოს ავთო სილაგაძისთვის მესამე კვარტალში 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის შემოსვლა მოულოდნელი არ ყოფილა. იგი აღნიშნავს, რომ მშენებლობაში კაპიტალის დაბანდება ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები გრძელვადიანი თანამშრომლობით დაინტერესდნენ. ”ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა სამ სექტორში შემოვიდა. უკვე გაჩნდა იმედი, როდესაც მშენებლობაში კაპიტალი იდება, ეს ნიშნავს, რომ გრძელვადიანი თანამშრომლობის კუთხით დაინტერესება აშკარაა. ეს არის მისასალმებელი. ბოლო წლების განმავლობაში უძრავ ქონებაში ძალიან მცირე ინვესტიცია შემოდიოდა. ახლა ამ კუთხითაც გამოცოცხლებაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”,- ამბობს ავთო სილაგაძე.
ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, ინვესტიციების ერთბაშად შემოდინება უკავშირდება საინვესტიციო ფონდების ამუშავებას და ეს პროცესი ამოწურვადია. ”საქმე გვაქვს პოლიტიკურ ნებასთან უფრო, ვიდრე ნატურალურ ინვესტიციებთან; ანუ საინვესტიციო ფონდებმა დაიწყეს გარკვეული აქტივობა - პირდაპირ და ირიბად. მაინც ვფიქრობ, რომ ეს ერთჯერადი ოპერაციაა, ვისურვებდი ყველაფერი დინამიკურად გაგრძელდეს, თუმცა ამის რეალურ საფუძველს ვერ ვხედავ”, - ამბობს გია ხუხაშვილი და დასძენს, რომ ინვესტორი, რომელიც ყოველგვარი ფონდებისა და დამატებითი სტიმულის გარეშე ქართულ ბაზარზე შემოსვლას ისურვებდა, ჯერჯერობით არ ჩანს. ”ძირითადად კაპიტალი იდება მშენებლობაში, ტრანსპორტსა და უძრავ ქონებაში. ტრანსპორტის გარდა, ეს არის მიწაში ფულის ჩადება, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ არ არის კავშირში დამატებული ღირებულების შექმნასთან, ანუ რეალური სექტორის გაზრდასთან. შესაბამისად, ახლანდელი პროცესი მაინცდამაინც არ აჩენს ეკონომიკური სტაბილურობისა და ოპტიმიზმის მნიშვნელოვან საფუძველს”, - ამბობს გია ხუხაშვილი.
ექსპერტს ისიც უკვირს, თუკი მე-3 კვარტალში ასეთი მასშტაბური მოცულობის ინვესტიცია შემოვიდა, მაშინ რატომ მოხდა ლარის დევალვაცია? პირიქით, ამ დროს ეროვნული ვალუტა უნდა გამყარებულიყო. ”თუმცა, საქართველოში ლოგიკურად არაფერი ხდება”, - დასძენს ექსპერტი.
საქართველოში ინვესტიციების გაზრდას საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ინვესტიციებთან ერთად იზრდება ეკონომიკაც და ეს არის პასუხი იმ ცრუ ბრალდებებზე, რომელსაც ”ე.წ. ექსპერტები” და მთავრობის ოპონენტები გამოთქვამენ. ”მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 508 მილიონი დოლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 99%-ით აღემატება, ხოლო 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - 155%-ით. მინდა გითხრათ, რომ 9 თვის განმავლობაში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 923 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება 29%-ით, ხოლო 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - 36%-ით. თუ გადავხედავთ აღნიშნულ მაჩვენებელს გრძელვადიან დინამიკაში, დავინახავთ, რომ 2008 წლის მეორე კვარტალის შემდეგ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ასეთი მაღალი მაჩვენებელი არც ერთ კვარტალში არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია რეინვესტირების დონეც, რომელმაც შეადგინა 26%, ხოლო ახალი კაპიტალის წილი ამ მაჩვენებელში არის 73%”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ წელს ეკონომიკური ზრდა 5%-ს გადააჭარბებს; ანუ ქვეყანას ექნება უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე აქვს უფრო ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, მაგალითად, ყაზახეთს, აშშ-ს, თურქეთს, რუსეთს, აზერბაიჯანს.
მაკა ხარაზიშვილი
წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”