საპრივატიზაციო ობიექტების ნაწილს მთავრობა 50%-იანი ფასდაკლებით ყიდის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმატებით აგრძელებს დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში კერძო სექტორს მომდევნო საინვესტიციოდ მიმზიდველ 150-ზე მეტ ობიექტებს სთავაზობს.

სააგენტოს ინფორმაციით, ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილია როგორც ძველი, ასევე ახალი შეთავაზებები.

აღსანიშნავია, რომ გასაყიდ ობიექტთა შორის 58 უძრავი ქონება 50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

„პრივატიზების პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იყო სხვადასხვა ტიპის ქონება, მათ შორის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკური მიზნებისთვის საჭირო ობიექტები. სააგენტომ ბიზნეს სექტორს 300 მილიონ ლარამდე ღირებულების 150-ზე მეტი ობიექტი შესთავაზა, საიდანაც 109 ლოტზე ვაჭრობის შედეგად საწყისი 40 მილიონი ლარიდან საბოლოო შედეგმა 60 მილიონ ლარს გადააჭარბა. დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. პროგრამის ფარგლებში შემუშავებულ საპრივატიზებო რუკას პერიოდულად დაემატება ახალი საინვესტიციო შეთავაზებები.

აუქციონებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: