სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, “მთის კურორტების განვითარების კომპანიამ” მიმწოდებელთან ბაზრის კვლევის გარეშე 122,581 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, სადაც არ იყო განსაზღვრული რამდენიმე მნიშვნელოვანი მომსახურების დეტალური სპეციფიკაცია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, კომპანია მომსახურების მიღება-ჩაბარების ეტაპზე მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა მიღებული მომსახურების სისრულესა და ხარისხზე.
"აღნიშნული გარემოებების გამო, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ასევე, ვერ შეძლო მოეპოვებინა მტკიცებულებები გაწეული ხარჯების ეკონომიურობასთან დაკავშირებით. კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე დროულად არ განახორციელა რეაგირება და ოთხ ხელშეკრულებაში არ შეიტანა ცვლილებები სათანადო დასაბუთებით, შესყიდვების სააგენტოსთან და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. ხოლო ერთ შემთხვევაში ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო შესყიდვების სააგენტოსთან და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე, ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან 148 დღის შემდეგ“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
გარდა ამისა, ანგარიშში შინოს საბაგიროს ფარეხის მშენებლობაზეცაა საუბარი და აღნიშნულია, რომ 2017 წელს დაიწყო კომპანიამ მისი მშენებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვისა და მშენებლობის პროექტის სავალდებულო ექსპერტიზის გარეშე.
„დარღვევებით წარმოებული მშენებლობა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან სამ თვეში გახდა ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი, რის გამოც კომპანიას მოუხდა განმეორებითი შესყიდვების განხორციელება დაზიანებული შენობის რეკონსტრუქციის მიზნით. კომპანიამ თავდაპირველი მშენებლობისა და შემდგომი რეკონსტრუქციის სამუშაოები აწარმოა წინასწარი სამშენებლო ნებართვებისა და მშენებლობის წარმოების ეტაპების სავალდებულო საექსპერტო შეფასებების გარეშე, რითაც შექმნა განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობის (V კლასის) სათანადო ფუნქციონირებასთან დაკავშირებული რისკები“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში სამშენებლო და სანებართვო პირობების დარღვევისთვის კომპანიაზე დაკისრებული მნიშვნელოვანი მოცულობის ჯარიმები მიუთითებს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული დაჯარიმების საფუძვლების აღმოფხვრა კომპანიისათვის არ არის პრიორიტეტული, მიუხედავად ასეთ სამუშაოებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკებისა.
ასევე ანგარიშში ასახულია, საწვავის ხარჯვის და ლიმიტების ბრძანებების ნაკლოვანებები.
"დიზელის რეზერვუარებში საწვავის მიღებისა და საწვავის ბარათებიდან ხარჯვაზე არასათანადო კონტროლის მექანიზმების გამო, კომპანიაში განხორციელდა საწვავის დაუსაბუთებელი და არამიზნობრივი ხარჯვა. კომპანიაში საწვავის ლიმიტების დადგენის შესახებ დირექტორის ბრძანებები შედგენილი იყო არასრულად და ხარვეზებით. ცალკეულ შემთხვევაში ლიმიტები განსაზღვრული იყო კომპანიის რეალურ საჭიროებებზე ნაკლები ოდენობით. ასევე, კომპანიაში დანერგილი კონტროლის მექანიზმების სისუსტის გამო, საწვავის დადგენილი ლიმიტის გარეშე ხარჯვა არ არის დასაბუთებული და იძლევა არამიზნობრივად გამოყენების საშუალებას.
კომპანიაში არ რეგულირდებოდა რეზერვუარებიდან საწვავის გაცემის მიზნობრიობა. ასევე, რეზერვუარებზე პასუხისმგებილი პირის დანიშვნის ბრძანებებში 2019 წლის 23 ივლისამდე არ იყო გაწერილი რეზერვუარიდან საწვავის გაცემის აღრიცხვის წესი. აღნიშნული მარეგულირებელი აქტების არარსებობამ და კონტროლის მექანიზმების სისუსტემ გამოიწვია დიზელის რეზერვუარიდან საწვავის გაცემის არასრული აღრიცხვა და დაუსაბუთებელი ხარჯვა“, - ნათქვამია ანგარიშში.