„მთის კურორტების განვითარების კომპანიაში" 2018-2019 წლებში კომპანიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებზე უფასოდ გადაცემული აბონემენტების თანხობრივმა მოცულობამ 133,000 ლარი შეადგინა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, ამასთანავე, VIP მომხმარებლებზე უფასოდ გადაცემული აბონემენტების ღირებულების ჯამმა 128,000 ლარი შეადგინა.
“კომპანიამ ვერ წარმოადგინა დოკუმენტის სახით შექმნილი აბონემენტებით უფასოდ მოსარგებლე პირთა სრული სია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა თანამშრომელთა ოჯახის წევრების და VIP მომხმარებლების იდენტიფიცირება და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის დადგენა.
მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების გარეშე უფასოდ გადაცემული აბონემენტების ღირებულების ხარჯებად აღიარება ეწინააღმდეგება კომპანიის შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებებს, ხარჯები გაუმჭვირვალეა და არ იძლევა მათი საჭიროებისა და მიზნობრიობის დადგენის შესაძლებლობას",- ნათქვამია აუდიტის ანგარიში.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, 2016 წლის ნოემრიდან 2018 წლის ნოემბრამდე კომპანიის ყოფილი დირექტორის ანაზღაურება 109, 021 ლარით გაიზარდა.
"არაუფლებამოსილი პირის მიერ შრომის ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებული ბრძანების გამოცემით დაირღვა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, რის შედეგადაც 2016 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ნოემბრამდე კომპანიის ყოფილი დირექტორის ანაზღაურება უსაფუძვლოდ გაიზარდა ჯამში − 109,021 ლარის ოდენობით", - აღნიშნულია აუდიტია ანგარიშში.
ამასთან, სახელმწიფო აუდიტმა, კურორტ გუდაურის ბარათების აღრიცხვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები გამოავლინა.
"კურორტ გუდაურის მოლარეებზე ბარათების გადაცემა წარმოებს დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების გარეშე. ამასთანავე, არ ტარდება მათი ინვენტარიზაცია. შესაბამისად, არასათანადო კონტროლის მექანიზმების პირობებში, კომპანიაში ბარათების აღრიცხვის პროცესი ნაკლებად გამჭვირვალეა.
კომპანიაში არ არსებობს, მომსახურების ფასების გაანგარიშების პოლიტიკა და მეთოდოლოგია, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა სოციალური, ეკონომიკური და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები. ამასთანავე, ინფორმაციის მიწოდებაზე სათანადო კონტროლის მექანიზმების არარსებობის გამო, გამოვლინდა, რომ რიგ შემთხვევებში ბილეთები რეალიზებული იყო დადგენილი ტარიფებისგან განსხვავებული ფასებით. კომპანიაში ფასების გაანგარიშების პოლიტიკისა და მეთოდოლოგიის არარსებობა შესაძლოა უარყოფითად აისახოს კომპანიის შემოსავლების ფორმირებასა და ფინანსურ შედეგებზე",- ნათქვამია ანგარიშში.
ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.