ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, დღეს, 10:30 საათის მდგომარეობით, 65 844 მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეებს ჩამოთვლილი ვაქცინებიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეუძლიათ.
მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 62 422-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს.
„მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 29168 ადამიანმა გამოთქვა. 12935 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 8293-ს კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას, მისი გაკეთების სურვილი 5579-მა ადამიანმა გამოთქვა, 4496 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს, 849-ს კი „სინოვაკით“.
როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.
„ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.