მთავრობა „რიყის დოქებს“ 33%-იანი ფასდაკლებით ყიდის

რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მთავრობა „რიყის დოქებს“ წინა აუქციონთან შედარებით 33%-იანი ფასდაკლებით ყიდის.

აუქციონი, რომელიც 29 აპრილს დაიწყო, 17 მაისს დასრულდება. „რიყის დოქების“ საწყისი ფასი ამჯერად 47,5 მლნ ლარია, ბიჯი კი 20 000 ლარი. აღსანიშნავია, რომ წინა აუქციონზე ობიექტი 71,250 მლნ ლარად იყიდებოდა, თუმცა უშედეგოდ.

14 591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა (რიყის დოქები) ამჯერადაც გარკვეული საინვესტიციო პირობით იყიდება. კონკრეტულად კი ინვესტორი ვალდებულია ობიექტის შესყიდვის შემდეგ ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში მრავალფუნქციური კომპლექსი (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს), საგამოფენო სივრცე(ებ)ს/დარბაზ(ებ)ს) ან/და სასტუმროს) უნდა შექმნას და შესაბამისი შენობა-ნაგებობა უნდა აამოქმედოს, რისთვისაც ქონების მფლობელმა 10 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ „რიყის დოქების“ საპრივატიზაციო აუქციონი თავდაპირველად 2020 წლის დასაწყისში გამოაცხადა, მაშინ ობიექტი 95 მლნ ლარად იყიდებოდა, თუმცა ის არავინ იყიდა. უკვე შემდგომი აუქციონი 2021 წლის მარტში გამოცხადდა, კომპლექსის საწყისი ღირებულება 71,250 მლნ ლარი იყო, თუმცა ისიც უშედეგოდ დასრულდა. მესამედ „რიყის დოქები“ აუქციონზე მთავრობამ აპრილის დასაწყისში გამოიტანა და მაშინ ობიექტის საწყისი ღირებულება 71,250 მლნ ლარი იყო.

ცნობისათვის, თბილისის ცენტრში მდებარე ობიექტის მშენებლობა, რომელიც 75 მლნ ლარი დაჯდა, 2013 წელს დასრულდა, თუმცა მას შემდეგ ის უფუნქციოდ არის მიტოვებული.