Facebook-ზე რეკლამის განთავსებამ კომპანიის კვარტალური შემოსავალი 48%-ით გაზარდა

Facebook-ის შემოსავლები 31 მარტს დასრულებულ წლის პირველ ფინანსურ კვარტალში 26 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ ანგარიში კომპანიამ თავად გაავრცელა.

წინა წლის ანალოგიურ სამთვიან პერიოდთან შედარებით, პირველ კვარტალში შემოსავლები 48%-ით არის გაზრდილი, ხოლო სუფთა მოგება - სრული 94%-ით და 9,49 მლრდ დოლარს შეადგენს. სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებლების რიცხვი 2,85 მილიარდამდე გაიზარდა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ კარგ ფინანსურ შემოსავლებს Facebook-ზე რეკლამის განთავსებამ შეუწყო ხელი, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალოდ, 30%-ით არის გაზრდილი. Facebook-ის პროგნოზით, ამ მაჩვენებლის ზრდა წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„ჩვენ ძლიერი კვარტალი გვქონდა, ვეხმარებოდით რა ადამიანებს, დარჩენილიყვნენ კავშირზე და განევითარებინათ ბიზნესი,“ - აცხადებს მარკ ცუკერბერგი. მან კომპანიის გეგმებსა და მიზნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ Facebook ხელოვნური რეალობის ტექნოლოგიის მიმართულებით აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.

კოკა კვირკველია