AstraZeneca-მ პირველ კვარტალში 68 მლნ დოზა ვაქცინის გაყიდვით  275 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

წამლის შვედურ-ინგლისური მწარმოებელი კომპანია AstraZeneca, რომელიც მანამდე აცხადებდა, რომ პანდემიის დროს ვაქცინაციით მოგებას არ მიიღებდა, ფინანსურ დეტალებს პირველად აქვეყნებს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაყიდვებმა პირველ კვარტალში 275 მლნ დოლარი შეადგინა. მოსალოდნელზე ბევრად უკეთესი შედეგის გამო, კომპანია აპრილიდან 200 მლნ დოზა ვაქცინის მიწოდებას გეგმავს. AstraZeneca წლის მეორე ნახევრის პროგნოზს ზრდის, რამაც მისი აქციების გაზრდაც განაპირობა. კვარტალური შემოსავალი, დაახლოებით, 68 მლნ დოზა ვაქცინის გაყიდვას მოიცავს. ევროპაში გაყიდვებმა 224 მლნ დოლარი შეადგინა, განვითარებად ბაზრებზე კი - 43 მლნ დოლარი, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში - 8 მლნ დოლარი. 68 მლნ დოზით 275 მილიონი დოლარი კომპანიამ თითო ვაქცინის 4 დოლარად გაყიდვიდან მიიღო.

AstraZeneca-მ ვაქცინა ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად შეიმუშავა. ვაქცინა, რომელიც შედარებით დაბალი ფასითა და იოლი ტრანსპორტირებით გამოირჩევა, პანდემიასთან ბრძოლის სათავეში მოექცა, ხოლო მისი მწარმოებელი კომპანია ვაქცინის შემუშავების გლობალურ რბოლაში ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

„მიწოდების გაზრდა წარმოების გაუმჯობესებასთან ერთად მოხდება,“ - აცხადებს AstraZeneca-ს აღმასრულებელი დირექტორი პასკალ სორიო.

ოქტომბრიდან მოყოლებული დღევანდელი დღე AstraZeneca-სთვის საუკეთესოა, რადგან გრინვიჩის დროით 09:42 სთ-ზე მისი თითო აქციის ფასი 3,5%-ით, 7 654 პენსამდე გაიზარდა. კომპანიის აქციები, რომლებმაც 2020 წლის ივლისში ვაქცინაციის ოპტიმიზმის შედეგად რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწიეს, წლის ბოლოსთვის 4%-ით დაეცა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ