მურთაზ კიკორია "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გაზაფხულზე დაინიშნება

"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მურთაზ კიკორია გაზაფხულზე დაინიშნება.

როგორც ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, "საქართველოს ბანკმა" არაპროფილური აქტივების საბანკო საქმიანობისგან გამიჯვნის შესახებ გააკეთა განცხადება. მისივე თქმით, "საქართველოს ბანკის" ჯგუფის განახლებული სტრუქტურა შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნული ბანკის ახალ მოთხოვნებთან, რომელიც კომერციული ბანკის მიერ არასაბანკო ბიზნესის ფლობის აკრძალვას ეხება.

"საქართველოს ბანკის" ჯგუფის ახალი სტრუქტურის ძალაში შესვლა და არასაბანკო ბიზნესის საბანკო საქმიანობისაგან გამიჯვნა 2015 წლის ბოლომდე დასრულდება. "საქართველოს ბანკის" ჯგუფის განახლებული სტრუქტურის თანახმად, განხორციელდება იურიდიული რესტრუქტურიზაცია და საბანკო-საფინანსო და არასაბანკო ბიზნესის გამიჯვნა. "საქართველოს ბანკი" სრულად ფოკუსირდება საბანკო საქმიანობაზე, არასაბანკო ბიზნესი კი გაერთიანდება ცალკე საინვესტიციო მიმართულებით და შევა "საქართველოს ბანკის" ჰოლდინგში პირდაპირ დაქვემდებარებაში, შედეგად არასაბანკო ბიზნესი საქმიანობას განაგრძნობს "საქართველოს ბანკისგან" დამოუკიდებლად", - განაცხადა ირაკლი გილაურმა.

მისივე განცხადებით, სტრუქტურული ცვლილებების გამო მოხდა მენეჯმენტის გამიჯვნა, საბანკო და არასაბანკო მიმართულებების მიხედვითაც ცვლილებები შევიდა ბანკის მენეჯმენტის შემადგენლობაში. "მე 2015 წლის ზაფხულიდან გადავდივარ "საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე და გავაგრძელებ მოღვაწეობას "საქართველოს ბანკის" ჰოლდინგის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. ხოლო ამავე პერიოდიდან "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნება მურთაზ კიკორია, რომელიც მანამდე შეასრულებს "საქართველოს ბანკის" ფინანსური დირექტორის მოვალეობას", - განაცხადა ირაკლი გილაურმა.

მურთაზ კიკორია იკავებდა georgian healthcare group-ის გენერალური დირექტორის პოსტს. მანამდე იგი მუშაობდა სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" გენერალური დირექტორის პოსტზე 2012 წლის ოქტომბრიდან. 2011 წლის ივნისიდან მურთაზ კიკორია იკავებდა "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს ფინანსების დარგში. 2009 წლის ივნისიდან იგი მუშაობდა საქართველოს შვილობილ უკრაინულ BG Bank-ში გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. მურთაზ კიკორია "საქართველოს ბანკს" შეუერთდა 2008 წელს და მუშაობა დაიწყო გენერალური დირექტორის მოადგილედ. 2005-2007 წლებში იგი მუშაობდა EBRD-ში მთავარ ბანკირად, 2001-2005 წლებში იკავებდა ბანკის ზედამხედველობის ხელმძღვანელის პოსტს საქართველოს ეროვნულ ბანკში. მურთაზ კიკორია ასევე მუშაობდა სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე "გაერთიანებულ ქართულ ბანკსა" და "სილქროუდ ბანკში".