ბრენდები და ობიექტები, რომლებმაც თბილისის ძირითად სავაჭრო ქუჩებზე ფილიალები დახურეს

„კოლიერს ჯორჯია“ უძრავი ქონების 2020 წლის შემაჯამებელ კვლევებს აქვეყნებს.

კვლევებში საცხოვრებელი, საოფისე და კომერციული სექტორები დეტალურადაა მიმოხილული და სრული სურათის შესაქმნელად პანდემიის ზოგადი ეფექტებიც არის გაანალიზებული.

როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, 2020 წელს საშუალო შეწონილი იჯარა შემცირდა თბილისის ძირითად სავაჭრო ქუჩებზე. პეკინზე იჯარის 9%-იანი კლება დაფიქსირდა და კვ.მ-ზე 32.6 აშშ დოლარს გაუტოლდა, მაშინ როცა აღმაშენებლისა და ჭავჭავაძის გამზირებზე აღნიშნული მაჩვენებელი 5% და 3%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე შესაბამისად, 24.4 და 29 აშშ დოლარი შეადგინა. საშუალო შეწონილი იჯარა 6%-ით გაიზარდა რუსთაველის გამზირზე.

„კოლიერსის“ კვლევის თანახმად, 2020 წელს 169 მოიჯარემ დატოვა თბილისის ძირითადი სავაჭრო ქუჩები და გამოთავისუფლებული ობიექტების ჯამურმა ფართმა 11,385 კვ.მ შეადგინა. ვაკანტური ფართის 57% მდებარეობდა ჭავჭავაძისა და აღმაშენებლის გამზირებზე. უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში აღმაშენებლის გამზირი დატოვა 66 ობიექტმა; ჭავჭავაძე - 34-მა; პეკინის გამზირზე - 48 ობიექტი დაიხურა; ხოლო რუსთაველის გამზირიდან - 21 მოიჯარე გავიდა.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, იმ მოიჯარეებს შორის, რომლებმაც თბილისის ძირითად სავაჭრო ქუჩებზე თითო ფილიალი დახურეს, არიან - Dunkin’ Donuts, OVS kids, Parfois, Flo, Finca Bank. თუმცა, კვლევაში ხაზგასმულია ისიც, რომ ყველა მათგანი პანდემიის გამო არ დახურულა.

თაია არდოტელი