გიორგი ქადაგიძე ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზს არ აკეთებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზს არ აკეთებს.

როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნული ბანკი ელოდება ნოემბრისა და დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებელს. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გაიგოს, თუ როგორ იმოქმედებს ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ფასებზე.

რაც შეეხება საკითხს, მთავრობის მხრიდან მიმდინარე წლის ბიუჯეტის დარჩენილი თანხის გახარჯვა რა პროცესებს გამოიწვევს ლარის კურსთან მიმართებაში, ქადაგიძის თქმით, 3 კვირაა დარჩენილი წლის ბოლომდე და ამ მიმართულებით პროგნოზების კეთება უმადური საქმე იქნება. "ფისკალური მხარე და ბიუჯეტის გავლენა არ ყოფილა მაპროვოცირებელი ლარის კურსის მერყეობის და იმედი მაქვს წლის ბოლომდე ეს ასეც დარჩება. მთავრობამ და ფინანსთა სამინისტრომ დაადასტურეს, რომ დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ექნება", - აღნიშნა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს დაკვირვებას და ინფლაციის ანალიზს. "ლარის კურსთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა განვმარტეთ. ეროვნული ბანკი ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს დაკვირვებას და ინფლაციის ანალიზს. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ნოემბრისა და დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებელს. მას მერე რაც გვექნება ინფორმაცია ინფლაციასა და ფასების ზოგად დონესთან დაკავშირებით, გადავწყვეტთ შევცვალოთ თუ არა ჩვენი მონეტარული პოლიტიკა", - აღნიშნა ქადაგიძემ.