საცალო ვაჭრობის პუნქტებში საკვების მწარმოებლებს 1-ლი ივნისიდან HACCP-ის სისტემის დანერგვა მოუწევთ. სტანდარტის დანერგვა სავალდებულო ხდება სარესტორნო ბიზნესისთვისაც.
წარმოებაში HACCP-ის სისტემის დანერგვას დადებითად აფასებს ბიზნესი. თუმცა თვლიან, რომ მისი დანერგვა უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო. ამასთან, აცხადებენ, რომ პანდემიიდან გამომდინარე, უკეთესი იქნებოდა ამ ვალდებულების გადაწევა მომხდარიყო.
რა არის HACCP-ი და რა შეიცვლება სეტორისა და მომხმარებლისთვის ახალი სტანდარტის ამოქმედების შემდეგ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ასოციაციების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს.
„გასტრო-ტურიზმის ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ სიხარულიძე ამბობს, რომ HACCP-ის სისტემის დანერგვა აუცილებელია, თუმცა სასურველი იქნებოდა რეგულაცია პანდემიის დროს არ ამოქმედებულიყო.
,,მოგეხსენებათ, 1-ლი ივნისიდან ბიზნეს ოპერატორებს ეკისრებათ ვალდებულება დაინერგოს HACCP-ის სისტემა. ჩემი აზრით, ამ ყველაფრის დანერგვა აუცილებელი პირობაა კვების ობიექტებისთვის, თუმცა ვფიქრობ პენდემიიდან გამომდინარე კარგი იქნებოდა რეგულაციის ამოქმედების დროს გადაგვეწია, მაგრამ მესმის ისიც, რომ აღნიშნული ევროდირექტივაა და აღსრულების ვადები აქვს.
მეორეს მხრივ კი, როცა ობიეტები დაცულია, მეტად მოხერხდება სტანდარტიზაცია. თვითონ სექტორში მგონია, რომ არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული თითქოს ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული HACCP-ის დანერგვა. არადა, სურსათის უვნებლობის ნაწილში 90% ისედაც ძალაშია და ისედაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყველას. ეს გახლავთ უფრო მეტად აღრიცხვის მექანიზმის დამატება სამზარეულოში. ჩვენ თუ გვინდა, რომ ვიყოთ ევროპული სტანდარტის უსაფრთხო სექტორი, ეს ნორმები აუცილებლად უნდა მივიღოთ. უბრალოდ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პანდემიიდან გამომდინარე უკეთესი იქნებოდა დროის გადაწევა“- აცხადებს თამარ სიხარულიძე ,,ბიზნესპრესნიუთან“.
HACCP-ის რესტორნებისთვისაც სავალდებულო 1 თვეში გახდება.
რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, შოთა ბურჯანაძე ,,ბიზნესპრესნიუთან“ ამბობს, რომ HACCP-ი არის არა წნეხი, არამედ განვითარების შესაძლებლობაა და კარგი იქნებოდა ყოფილიყო ნებაყოფლობითი. ეს გაზრდიდა კონკურენციას ბაზარზე.
,,სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ყველა ახალი სტანდარტი უარყოფითად აღიქმება. სინამდვილეში კი, HACCP-ის სისტემის დანერგვა არც დამატებითი წნეხია და არც დიდი დანახარჯები. ეს არის ვალდებულებები, თუმცა არა ისეთი, რომელიც პრობლემას შექმნის.
HACCP-ის დანერგვა რესტორნებისთვის არის გაუმჯობესების და ნდობის ამაღლების შესაძლებლობა. ჩემი წინადადებაა, რომ ეს არ იყოს სავალდებულო და იყოს ნებაყოფლობითი, რაც ერთის მხრივ მოხსნიდა დამატებით კითხვებს, მეორეს მხრივ კი, გაზრდიდა კონკურენციას. რესტორნები, რომლებიც შეძლებდნენ HACCP-ის დანერგვას, იქნებოდნენ რამდენიმე ნაბიჯით წინ კონკურენტებზე.
მომხმარებლის მხრიდან რომ შევხედოთ, ეს არის ევრო სტანდარტის რეგულაციების დაცვა სამზარეულოში. ეს ეხება სანიტარიას, კერძების და ნედლეულის ხარისხის ზუსტ აღწერას. მომხმარებლმა თუ იცის, რომ HACCP-ის სისტემაა რესტორანში დანერგილი, უნდა იცოდეს, რომ კერძი უმაღლესი ხარისხისაა“- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან ერთ-ერთია. სისტემის პრინციპების დაცვა 2015 წლიდან სავალდებულოა ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებსა და სასაკლაოებში. პერიოდულად კი ემატებოდა და მოიცვა ყველა საკვების მწარმოებელი და რეალიზაციის სექტორი.