Georgian Airways-ის გაფიცული თანამშრომლები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვენ

Georgian Airways-ის გაფიცული თანამშრომლები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის გურამ ჯალაღონიას გადადგომას ითხოვენ.

კომპანიის გაფიცულმა თანამშრომლებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და 8-პუნქტიანი მოთხოვნები წარმოადგინეს. "აირზენა" მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირის 14 ოდენობით განსაზღვრას აპროტესტებს, ვინაიდან რუსული კომპანიების კონკურენციის პირობებში, Georgian Airways საკუთარი ინტერესების დაზარალებაზე მიუთითებს.

"დაუყოვნებლივ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება ავიაციის სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროდან გამოყოფის შესახებ და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ უწყებად, როგორც ეს მიღებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში; დაუყოვნებლივ გადადგეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფროსი გურამ ჯალაღონია და დაინიშნოს კვალიფიციური კადრი, სააგენტო კი პროფესიული მუშაკებით დაკომპლექტდეს; სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელობამ შეცვალოს ის ნორმატიული აქტები, რაც მიღებული იქნა წინა ხელისუფლების მიერ და ეწინააღმდეგება ქართული ავიაკომპანიის ინტერესებს; სასწრაფოდ აღუდგეს "ჯორჯიან ეარვეისს" ფლაგმანის სტატუსი, რომელიც უსაფუძვლოდ იქნა წართმეული წინა ხელისუფლების მიერ; ჩვენ მივმართავთ ბატონ ბიძინას, მოხდეს ამ საკითხის დარეგულირება და გაგვიწიოს დახმარება", - განაცხადა "ჯორჯიან ეარვეისის" ხომალდის გამცილებელმა ნინო არჩვაძემ.

Georgian Airways-ის თანამშრომელთა გაფიცვას გამოეხმაურა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ჯალაღონია, რომლისთვისაც გაუგებარია მსგავსი აქციის მოთხოვნა მაშინ, როდესაც აღნიშნულ საკითხზე ხვალ მოსკოვში კონსულტაციები იგეგმებოდა. "ვამზადებდით ვიზებს, ხვალ უნდა წავსულიყავი მოსკოვში მოლაპარაკებებზე და დღეს ასეთი სიურპრიზი მხვდება. აქედან გამომდინარე ეჭვი მიჩნდება, რატომ არ დაელოდნენ ჩემს მოლაპარაკებას რუსულ მხარესთან, რომელზეც უნდა გარკვეულიყო სიხშირეების საკითხიც და კომპანიების საკითხიც. მაინტერესებს, ვის მიერ არის მართული და რატომ ხდება ეს ამბავი? რუსულ მხარეს, რა თქმა უნდა, სურს, რომ ყველა კომპანია შემოვიდეს და რაც შეიძლება მეტი სიხშირე იყოს, მაგრამ ქართული ავიაკომპანია, გამომდინარე იქიდან, რომ მგზავრთა ნაკადი მოკლებულია, ამის წინააღმდეგია. ამიტომ ჩვენ მივდიოდით მოლაპარაკებებზე, რომ კომპრომისული ვარიანტისთვის მიგვეღწია და დაგვედგინა სიხშირეები ზამთრის სეზონზე მაინც", - განაცხადა გურამ ჯალაღონიამ ტელეკომპანია "იმედთან" სატელეფონო საუბარში.

შეგახსენებთ, რომ "ჯორჯიან ეარვეისი" რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული რეისების საკითხის ეროვნული ავიაგადამზიდავის ინტერესის გათვალისწინებით გადაწყვეტას ითხოვს, რაც კომპანიის დირექტორის, იასე ზაუტაშვილის მტკიცებით, სახელმწიფო ინტერესებთან თანხვედრაშია. კერძოდ, ზაუტაშვილის თქმით, ის მომხრეა ორ ქვეყანას შორის რეგულარული ფრენების აღდგენის, მხოლოდ იმ პირობებით, რაც მოქმედებდა ფრენების შეწყვეტამდე და რომელიც გულისხმობს 10-10 ფრენების სიხშირეს ორივე ქვეყნიდან.