Zolotaia Korona-მ ლიდერის პოზიცია დაკარგა - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი

საქართველოში სწრაფი ფულადი გზავნილების მიხედვით რუსეთი ისევ ლიდერია. თუმცა სწრაფი გზავნილების რუსულმა სისტემამ Zolotaia Korona-მ პოზიციები უკვე რამდენიმე თვეა დათმო. სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის მარტის ჩარიცხვებში Zolotaia Korona-ს წილი მხოლოდ 17% იყო, მაშინ, როდესაც Ria-ს 19,8%,Western Union-მა კი მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა ბაზრის 17,9%-იანი წილით.

რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხვებს, აქ ლიდერის პოზიციას კვლავ Zolotaia Korona ინარჩუნებს - 47,5%-ით, Western Union-ზე კი გადარიცხვების 22% მოდის.

უფრო კონკრეტულად: 2021 წლის მარტში საქართველოში Zolotaia Korona-ს საშუალებით გადმორიცხა 31,930 მლნ დოლარი, Ria-ს კი 37,184 მლნ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემოდგომამდე, წლების განმავლობაში, ფულადი გზავნილების სისტემებში ლიდერის პოზიცია Intel Express-ს და Unistream-ს ეკავა. თუმცა, უკვე 2012 წლის შემოდგომიდან 2020 წლის იანვრამდე პირველობას Zolotaia Korona ინარჩუნებდა. 2020 წლის იანვრიდან კი ფულად გადმორიცხვებში ლიდერი სისტემა Ria გახდა.

საქართველოში ფულადი გადმორცხვები სისტემების მიხედვით, 2021 წლის მარტი:

  • Ria - 37,184 მლნ დოლარი (19,8%)
  • Western Union - 33,670 მლნ დოლარი (17,9%)
  • Zolotaia Korona - 31,930 მლნ დოლარი (17%)
  • Intel Express - 26,598 მლნ დოლარი (14,1%)
  • Money Gram - 24,260 მლნ დოლარი (12,9%)
  • Contact - 15,061 მლნ დოლარი (8%)
  • Unistream - 11,828 მლნ დოლარი (6,3%)
  • Rico Gram - 6,943 მლნ დოლარი (3,7%)
  • Privat Money - 635,3 ათასი დოლარი (0,3%)

საქართველოდან ფულადი გადარიცხვები სისტემების მიხედვით, 2021 წლის მარტი:

  • Zolotaia Korona - 11,821 მლნ დოლარი (47,5%)
  • Western Union - 5,467 მლნ დოლარი (22%)
  • Unistream - 2,262 მლნ დოლარი (9,1%)
  • Money Gram - 1,755 მლნ დოლარი (7,1%)
  • Ria - 1,391 მლნ დოლარი (5,6%)
  • Intel Express - 1,327 მლნ დოლარი (5,3%)
  • Contact - 535,1 ათასი დოლარი (2,2%)
  • Rico Gram - 287,7 ათასი დოლარი (1,2%)
  • Privat Money - 27,2 ათასი დოლარი (0,1%)

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მარტში საქართველოში უცხოეთიდან 188,171 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49,5%-ით მეტია. შარშან მარტში უცხოეთიდან ფულადმა გზავნილებმა 125,865 მლნ დოლარი შეადგინა. ქვეყნების მიხედვით, 2021 წლის მარტში ყველაზე მეტი თანხა - 32,192 მლნ დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა, მეორე ადგილზე კი იტალიაა, საიდანაც საქართველოში 30,508 მილიონი დოლარი შემოვიდა, მესამეზე კი აშშ - 24,124 მლნ დოლარით.

რაც შეეხება გადარიცხვებს, მარტში საზღვარგარეთ 24.9 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.9%-ით მეტია. 2020 წლის მარტში ქვეყნიდან უცხოეთში გზავნილებმა 20,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ როგორც შარშან, წელსაც გადარიცხვებში ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის. ათეულშია თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, საბერძნეთი და ა.შ