ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, დღეს, 11:30 საათის მდგომარეობით, 68 339 მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეებს ჩამოთვლილი ვაქცინებიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეუძლიათ.
მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 64 607-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს.
„მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 29967 ადამიანმა გამოთქვა. 13 499 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 8530-მა კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას, მისი გაკეთების სურვილი 5720-მა ადამიანმა გამოთქვა, 5032 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს, 940-ს კი „სინოვაკით“.
როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.
„ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.