სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.93 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.87 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 3 პროცენტით, რაც 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.2 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.16 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (9.9 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (1.9 პროცენტი) ჯგუფებზე;
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.1 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.11 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (4.2 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (3.2 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (1.6 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (5.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4.2 პროცენტი), თევზეული (3.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-5.4 პროცენტი).
“წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.4 პროცენტით, რაც 1.53 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (17.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.9 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.14 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (8.1 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.0 პროცენტი), ასევე წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 13.8 პროცენტით, რაც 1.04 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (21.4 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12.1 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.94 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (40.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (12.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1 პროცენტი), თევზეული (9.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (6.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-22.2 პროცენტი), ასევე ხილსა და ყურძენზე (-18.2 პროცენტი);
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 15.0 პროცენტიანი მატება, რაც 0.73 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივი კვების ქვეჯგუფზე (16.3 პროცენტი).