ამ დრომდე ფასების შენარჩუნება შიდა რესურსის ხარჯზე ხდება - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საკონსერვო ქარხნის „კულას“ დირექტორმა განუცხადა.
ვანო გოგლიძე ამბობს, რომ ივნისიდან პროდუქციაზე ფასის მატება გარდაუვალი იქნება.
,,ბუნებრივია, წარმოებაში ყველაფერი თვითღირებულებაზეა დამოკიდებული. თვითღირებულება გაზრდილია როგორც ნედლეულის, ასევე გაგვეზარდა კომუნალური გადასახადები, რომელიც საწარმოო ხარჯის 15%-ს შეადგენს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ივნისიდან პროდუქციაზე ფასის მატება გარდაუვალია. ჯერ არ ვიცით, რამდენად გაიზრდება ღირებულება, ეს დამოკიდებული იქნება ნედლეულის ფასზე. ამ დრომდე ფასის შენარჩუნება შიდა რესურსის ხარჯზე ხდება. პანდემია ისედაც რთული პერიოდი იყო და მით უფრო, რომ ჩვენ არცერთი თანამშრომელი ამ ერთი წლის განმავლობაში არ შეგვიმცირებია“- აცხადებს გოგლიძე.
მისი თქმით, კომპანია მიმდინარე წელს ახალი პროდუქციის დამატებას არ გეგმავს და არსებულის შენარჩუნებაზე იქნება ორიენტირებული.
,,პანდემიამ იმდენად გაართულა საწარმოო პროცესი და ეკონომიკური ვითარება, რომ ნამდვილად ვერ ვიფიქრებთ ახალი პროდუქციის დამატებაზე. ახლა ორიენტირებული ვართ, შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს და მოვახდინოთ რეალიზაცია. მესამე ტალღის მოლოდინის პირობებში შეკვეთები ისევ არის, რადგან ხალხი ასეთ დროს უფრო იმარაგებს საკონსერვო პროდუქციას“, - ამბობს გოგლიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, „კულა“ ბაზარზე 2009 წლიდან არის. ამჟამად კომპანიას აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. „კულა“ აწარმოებს 250 დასახელების საკონსერვო პროდუქციას, რომლებიც ადგილობრივი ბაზრის გარდა, მსოფლიოს 25 ქვეყანაში იყიდება.