გერმანელი ბუნებისდამცველები სასამართლოში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობას ასაჩივრებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავშირმა“ (NABU) რეგულატორის წინააღმდეგ, პროექტის მშენებლობაზე ნებართვის გაცემის გამო, სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ NABU-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია. სარჩელი ეხება მილსადენის ჯერ კიდევ დაუმთავრებელ, 16,5-კილომეტრიან მონაკვეთს ბალტიის ზღვის ექსკლუზიურად გერმანულ ეკონომიკურ ზონაში. რეგულატორის ნებართვა მაისის ბოლომდე მოქმედებს. ბუნებისდამცველები აცხადებენ, რომ სარჩელი ერთადერთი ფორმაა, რითიც ბალტიის ზღვის დაზიანების შეზღუდვას შეეცდებიან.
გერმანიის ტრანსპორტირებისა და ჰიდროგრაფიის ფედერალურმა უწყებამ (BSH) მილსადენის მშენებლობაზე ნებართვა წლის დასაწყისში გასცა, რაც რამდენიმე დღეში ბუნებისდამცველებმა გააპროტესტეს. 1-ელ აპრილს BSH-მა ნებართვის გაუქმებაზე ეკოლოგების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის მიღწევასაც ახლა ბუნებისდამცველები სასამართლოს გზით შეეცდებიან და სარჩელის განხილვის პერიოდში სამუშაოების შეჩერებას მოითხოვენ.
1-ლი აპრილის მონაცემებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა 95%-ით შესრულებულია. მის დასრულებას რუსული „Газпром" თვისი რესურსით ცდილობს, რადგან აშშ-ს სანქციების გამო შვეიცარელმა კონტრაქტორებმა სამუშაოები შეწყვიტეს. გაზსადენის მშენებლობა თებერვლიდან განახლდა. პროექტი აშშ-ს ჩარევის გამო წელიწადზე მეტია, შეჩერებული იყო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ