თბილისში ლურჯი მიკროავტობუსები შესაძლოა, ისევ „ჯი-თი მოტორსმა“ შემოიყვანოს

თბილისში ლურჯი მიკროავტობუსები შესაძლოა, ისევ „ჯი-თი მოტორსმა“ შემოიყვანოს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვას გულისხმობს, წინადადებების მიღება უკვე დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 35 919 468 ლარია.

როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, ტენდერში კომპანიამ „ჯი-თი მოტორსის" შეთავაზებული თანხა 35 729 400 ლარს შეადგენს.

ცნობისათვის, დედაქალაქში დამატებით 300 მიკროავტობუსის შესყიდვაზე მერიამ ტენდერი 2 აპრილს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 29 აპრილს დაიწყო და დღეს დასრულდა.

სატენდერო პირობების თანახმად, მიკროავტობუსები უნდა იყოს არაუადრეს 2021 წლისა (ყველა ავტობუსი უნდა იყოს ერთი მარკის და ერთი მოდელის); არანაკლებ 17 მგზავრზე გათვლილი; უნდა იყოს ლურჯი (მეტალიკი) ფერის. გამარჯვებულმა კომპანიამ კი მიკროავტუბუსები შემსყიდველ ორგანიზაციას ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 180 დღეში, ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში ლურჯი მიკროავტობუსების შემოყვანაზე მერიამ ტენდერი უკვე მეორედ გამოაცხადა. პირველ ტენდერში, რომელიც 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვას ითვალისწინებდა, გამარჯვებული „ჯი-მოტორსი“ გახდა. შემოიყვანს თუ არა დამატებით 400 ერთეულ „მარშუტკას“ „ჯი-თი მოტორსი“, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ „ჯი თი მოტორსი“ ბოლო წლების განმავლობაში არაერთ სახელმწიფო ტენდერის გამარჯვებულია. მან შემოიყვანა დედაქალაქში ლურჯი ავტობუსების დიდი ნაწილი და ასევე თეთრი პიკაპები.

„ჯი-თი მოტორსი“ 2010 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-იან წილს შპს „ჯი-თი გრუპი“ ფლობს. ეს უკანასკნელიც 2010 წელს დარეგისტრირდა. რეესტრის მიხედვით, „ჯი-თი გრუპის“ 33% გიორგი თავდიშვილი, 34%-ს გიორგი გველესიანი, 33%-ს კი თემურ უსტიაშვილი ფლობს, რომელიც ასევე არის, როგორც „ჯი-თი მოტორსის“, ასევე „ჯი-თი გრუპის“ დირექტორი.