წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი გიგა მანდარია წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებს დაემშვიდობა და მათ კომპანიის ახალი ხელმძღვანელი ალექსანდრე თევდორაძე წარუდგინა.
როგორც წყალმომარაგების კომპანიიდან იუწყებიან, მანდარიამ თანამშრომლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, ახალ ხელმძღვანელს კი, გუნდთან ერთად დაწყებული და დაგეგმილი პროექტების წარმატებით დასრულება უსურვა.
,,მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ პერიოდის განმავლობაში, აქტიური თანამშრომლობისთვის. რა პროექტებზეც ჩვენ ვიმუშავეთ, თქვენი უშუალო მონაწილეობით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, არის მნიშვნელოვანი რეგიონების წყალმომარაგებისთვის. წინ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ დასძლიოთ დარგში დღეს არსებული გამოწვევები და სირთულეები “- განაცხადა გიგა მანდარიამ.
ალექსანდრე თევდორაძემ, რეგიონებში წყლის მიწოდების სერვისების გაუმჯობესებისთვის, თანამშრომლებთან ერთად აქტიური და ნაყოფიერი საქმიანობის იმედი გამოთქვა.
,,მოგვიწევს ინტენსიურ რეჟიმში მუშაობა, რათა მიმდინარე მასშტაბური სამუშაოები დროულად დავასრულოთ, დავიწყოთ ახალი პროექტები და გავაუმჯობესოთ წყალმომარაგება რეგიონებში“, - განაცხადა კომპანიის ახალმა ხელმძღვანელმა.
ალექსანდრე თევდორაძეს აქვს საერთაშორისო და ადგილობრივი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად დანიშვნამდე იყო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 2013-2017 წლებში იკავებდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროებში. იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესყიდვების სამსახურის უფროსი.