ახალქალაქის მერიის შენობის წინ მალე შეიძლება, კარტოფილის მთები გაჩნდეს. პროტესტის ასეთი ფორმით ფერმერები ჭარბი მოსავლის რეალიზაციისთვის მუნიციპალიტეტის დახმარებას მოითხოვენ. საქმე ისაა, რომ სოფელ ალასტანში 700 ტონა კარტოფილი ფუჭდება და თუ ადგილობრივი ხელისფლება გლეხებს მოსავლის გაყიდვაში არ დაეხმარება, ისინი კარტოფილს მერიის წინ დაყრიან - წერს East-Fruit-ი.
სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ გაყიდვაში მათ თურქეთიდან შემოტანილი კარტოფილი უშლის ხელს. წლის განმავლობაში ალასტანში არცერთი მყიდველი არ გამოჩენილა. მოსახლეობას იმის სახსრებიც არ გააჩნია, რომ სარდაფებში დაგროვილი კარტოფილი გარეთ გაიტანონ და გადაყარონ, ხოლო გადავსებული ბაზრის გამო იმის გარანტიაც არა აქვთ, რომ მოსავალს მსხვილ ქალაქებში ჩაიტანენ და გაყიდიან. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რაც კარტოფილის მომყვან გლეხებს აქვთ, თურქეთიდან კარტოფილის იმპორტის დროებით შეჩერებაა, რის შემდეგაც შემცირებულ პროდუქტზე ბაზარზე მოთხოვნა გაჩნდება და თავიანთი მოსავლის რეალიზაციასაც შეძლებენ.
სოფელ ალასტანში 175 ოჯახიდან 160-ს 20 ტონაზე მეტი კარტოფილი აქვს მოყვანილი, რაშიც ისინი კილოზე 50-60 თეთრს კი არა, იმ მინიმალური ხარჯების ანაზღაურებას მოითხოვენ, რაც მათ სასუქისა და საწვავის ყიდვაში დაეხმარება.
ჭარბი მოსავლის ერთ-ერთ მიზეზად 2020 წელს, წინა წლებთან შედარებით, მოსახლეობის მიერ სამცხე-ჯავახეთის მიწების ყველაზე დიდი ფართობის დამუშავებას ასახელებენ, რადგან, კოვიდპანდემიის გამო, ხალხი მეზობელ ქვეყნებში სამუშაოდ ვერ გადავიდა და ადგილობრივი მეურნეობით დასაქმდა. თუკი ალასტანში წინა წლებში, საშუალოდ, 200 ჰექტარ მიწას ამუშავებდნენ, 2020 წელს ჯავახეთში კარტოფილი 350 ჰექტარ მიწაზე დაითესა.
აპრილის შუა რიცხვებში ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა წერილობით მიმართა პარტია „ქართულ ოცნებას“, რომ გლეხების დახმარების მიზნით, კარტოფილი სახელმწიფო დაწესებულებებისთვის დაერიგებინათ, როგორიცაა ჯარი, პოლიცია, საავადმყოფოები და საბავშვო ბაღები, მაგრამ შედეგი, ჯერჯერობით, არ ჩანს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ