"ვაქცინაცია უფრო გაამყარებს ტურიზმის სექტორის სწრაფად აღდგენის პერსპექტივებს"

მნიშვნელოვანია, რომ კოვიდპანდემიის მიუხედავად, არამხოლოდ არსებული ავიაკომპანიები აღადგენენ ფრენებს, არამედ ახალი ავიაკომპანიები ემატება ჩვენს ბაზარს. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ უფრო ოპტიმისტურად შევხედოთ მომავალ ტურისტულ სეზონს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შეკითხვაზე, რომელიც რამდენიმე საერთაშორისო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას შეეხებოდა, მინისტრმა უპასუხა, რომ ასეთ ავიაგადამყვანთა დიდი ნაწილი ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელებენ, მაგრამ, მისი თქმით, ახალი ავიაკომპანიების მომსახურებისთვის ასევე მზადაა თბილისისა და ბათუმის აეროპორტები.

ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაცია, მათ შორის, ტურიზმის სექტორის, უფრო გაამყარებს აღნიშნული სექტორის სწრაფად აღდგენის პერსპექტივებს.

,,აღსანიშნავია, რომ დღეიდან ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ფლაიარისტანი“ ყაზახეთიდან საქართველოში 3 მიმართულებით იფრენს. ასევე რეგულარულ რეისებს ახორციელებს უკრაინის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „სქაიაფ ეარლაინზი“. მალე საქართველოს ბაზარზე პირველად შემოვა გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდავი „ევროვინგსი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.