ინდური მესამე პანდემიური ტალღის მიუხედავად, ნავთობი მაინც ძვირდება

ახალი სავაჭრო კვირა ნავთობის გაიაფებით დაიწყო, რასაც ინდოეთში კორონავირუსის ინფექციების რიცხვის ზრდა და OPEC+ მიერ მიწოდების შესაძლო გაზრდა განაპირობებდა. თუმცა, ორშაბათის სავაჭრო დღის მეორე ნახევარში ფასმა ზრდა დაიწყო და ჯერ ბარელში 67 დოლარს (ბრენტი) ასცდა, დღეს კი 69.00 ნიშნულს მიაღწია.

ფასის ზრდის მთავარი მიზეზი ისაა, რომ აშშ-ის და ჩინეთის ეკონომიკები სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც ნავთობზე მოთხოვნის ზრდის მოლოდინს ქმნის.

ინდოეთში უკვე ზედიზედ 12 დღეა, რაც კორონავირუსით ინფიცირების ახალი ფაქტების რიცხვი 300 ათასზე მეტია. ამის გამო, მსოფლიოს მესამე უდიდეს ეკონომიკაში ნავთობპროდუქტების გაყიდვები შემცირდა.

„ინდოეთში არსებული სიტუაცია, ნავთობის ფასის ზრდას აჩერებს. მაგრამ ამის მიუხედავად, დიდია იმის ალბათობა, რომ ბარელი ნავთობის ფასი 70 დოლარს მიაღწევს, რასაც მსოფლიოს ბაზრებზე ნავთობზე მოთხოვნის ზრდა უზრუნველყოფს“, - ამბობს „რისტად ენერჯის“ ანალიტიკოსი ლუის დიკსონი.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე მოთხოვნის ზრდას, მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის, შეერთებული შტატების და ჩინეთის ეკონომიკების გაჯანსაღება უწყობს ხელს. ბრენტის მარკის ნავთობის ფასი წელს 30 პროცენტით არის გაძვირებული. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC) და მისმა მოკავშირეებმა (OPEC+), ბაზარზე მიწოდება მკვეთრად შეკვეცეს.

თუმცა, 1 მაისიდან მათივე გადაწყვეტილებით, ნავთობის მიწოდება ოდნავ გაიზარდა. გარდა ამისა, აპრილში ნავთობის გაიზარდა, რაც როიტერსის მიერ ჩატარებული კვლევის შესაბამისად, ირანის ხარჯზე მოხდა. უფრო მეტიც, მალე ირანის ბირთვული შეთანხმების გადახედვაა მოსალოდნელი, რაც პერსპექტივაში, ამ ქვეყნის მიერ, ბაზარზე მიწოდების ზრდას გამოიწვევს.

მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ სანქციებს, რომლებიც ნავთობს, საბანკო სისტემას და მთავრობის ბევრ წარმომადგენელს ეხება, მოხსნის.