,,სტანდარტული ქცევაა წინასაარჩევნოდ ფულის ხარჯვა ინტერესთა ჯგუფების მოსასყიდად“ - ალექსანდრე რაქვიაშვილი ,,ქვეყნის განახლების“ პროგრამაზე

,,მოსახლეობას რომ ვკითხოთ, ყველა მათგანი მინიმუმ ერთ უკეთეს ალტერნატივას იტყვის, რაში უნდა დაიხარჯოს ეს 500 მლნ“, - ამის შესახებ ,,გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, ეს ხელისუფლებების სტანდარტული ქცევაა, რაც ლეგალურ მოსყიდვას გულისხმობს.

,,მთავრობის სტანდარტული ქცევაა წინასაარჩევნოდ ფულის ხარჯვა და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების მოსყიდვა. ეს არის ლეგალური ქცევა, რომელიც ყველა ქვეყანაშია გავრცელებული. ეს შეიძლება მე არ მომწონს, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი პრაქტიკაა. საბოლოოდ ეს პროგრამა დარწმუნებული ვარ, სოფელში გზის და წყლის მიყვანამდე იქნება დაყვანილი. არჩევნები ყოველ წელს რომ იყოს, ეს პრობლემები ალბათ, საერთოდ აღარ ექნება ქვეყანას.

ადგილობივი თვითმმართველობის არჩვენების წინ ამ პროგრამის დაწყების სხვა ახსნა არ მაქვს, თანაც, მაშინ, როცა ისედაც დიდი საბიუჯეტო დეფიციტი და უამრავი ვალი გვაქვს. მოსახლეობას რომ ვკითხოთ, ყველა მათგანი მინიმუმ ერთ უკეთეს ალტერნატივას იტყვის, რაში უნდა დაიხარჯოს ეს 500 მლნ.

ჩემი ნება რომ იყოს, შევამცირებდი გადასახადებს და ეს იქნებოდა სტიმული ბიზნესისთვის მეტი ადამიანი რომ დაასაქმოს და საბოლოოდ ბიუჯეტშიც მეტი ფული შევიდოდა. ეს, ამ სიტუაციაში ნაკლებად სავარაუდოა რომ გაკეთდება. ამიტომ, მირჩევნია ფული გზებზე კი არ იხარჯებოდეს, პირდაპირ ადამიანებს გადავუხადოთ და მათ გადაწყვიტონ, პური იყიდონ, თუ წყალმომარაგება“, - განაცხადა რაქვიაშვილმა ,,საქმეში“.

ცნობისთვის, 500 მილიონი ლარი რეგიონების განვითარებისთვის - მთავრობა 63 მუნიციპალიტეტში "ქვეყნის განახლების" პროგრამის დაწყება 26 აპრილს დააანონსა. პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში იგეგმება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა და განახლება.

თამარ მუკბანიანი