ავსტრალიელები ვაშლის საკრეფად რობოტებს გამოიყენებენ

ავსტრალიაში მალე ვაშლის საკრეფი რობოტების გამოყენებას დაიწყებენ. ადგილობრივმა მკვლევარებმა შეიმუშავეს რობოტი, რომელსაც თითო ვაშლის მოსაწყვეტად, 7 წამი ჰყოფნის.

სხვა ყველაფერთან ერთად, პანდემია სოფლის მეურნეობასაც შეეხო. შეზღუდვების გამო, სერიოზულ პრობლემად იქცა მუშახელის ნაკლებობა. ამას კი შესაძლოა, სურსათზე კრიზისი მოჰყვეს.

მუშა-ხელის დეფიციტის ფონზე, მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ხილის მკრეფავი რობოტი შეიმუშავეს.

რობოტს ჩაუტარდა ტესტირება, რამაც მანქანის ეფექტურობა დაადასტურა.

რობოტი სრულიად ავტომატურია. მის მოძრაობას სპეციალურად შექმნილი ალგორითმი აკონტროლებს, რომელიც კამერებით მიღებულ გამოსახულებას და სენსორებით შეგროვილ ინფორმაციას გადაამუშავებს და საჭიროების შესაბამისად მოქმედებს. რობოტს ნებისმიერ ამინდში მუშაობა შეუძლია და მას ხელს არც სიბნელე უშლის.

რობოტს შტატ ვიქტორიაში, ფრანკჰაუსერ ეპლზის პლანტაციაში ჩაუტარდა გამოცდა. რობოტი მისი წვდომის არეალში, ვაშლების 85 პროცენტს კრეფდა. ვაშლის დაფიქსირებასა და აღქმაზე, რობოტს სულ რაღაც, 200 მილიწამი სჭირდებოდა. და ის 1.2 მეტრით დაშორებულ ვაშლებსაც კრეფდა.

ვაშლის აღმოჩენის შემდეგ, რობოტი ასევე აფიქსირებს ფოთლებს და ტოტებს, რომლებსაც ნაყოფზე წვდომაში და მოწყვეტაში ხელის შეშლა შეუძლია. ასევე საზღვრავს ოპტიმალურ ტრაექტორიას, რათა ნაყოფი არ დაზიანდეს. სატესტო კრეფისას, რობოტმა ვაშლების დაახლოებით 6 პროცენტი, მსუბუქად დააზიანა. თუმცა დაზიანება იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ნაყოფი გასაყიდ ვარგისიანობას ინარჩუნებდა.

რობოტს ასევე აქვს კრეფის სიჩქარის რეჟიმები. მაქსიმალური სიჩქარისას, ერთი ვაშლის მოსაწყვეტად, 7 წამი ჰყოფნის. ნელ რეჟიმში კი 12.6 წამი სჭირდება.