დღეიდან საიუველირო ნაკეთობების მწარმოებელი დანიური კომპანია Pandora მოპოვებული ალმასის გაყიდვაზე უარს ამბობს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მომავალში Pandora ეკოლოგიურად სუფთა, უფრო ხელმისაწვდომ, ლაბორატორიულად გამოყვანილი ძვირფასი ქვების გაყიდვებზე გაამახვილებს ყურადღებას.
„ბრილიანტი არამარტო მუდმივია, არამედ ის ყველასთვისაა,“ - განაცხადა Pandora-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე ლაციკმა, როცა ხელნაკეთი ძვირფასი ქვების ახალი კოლექციის ჩაშვება დააანონსა.
Pandora-მ, რომელიც, მეტწილად, თავისი ვერცხლის მომხიბლავი სამაჯურებით არის ცნობილი, გასულ წელს 85 მილიონი საიუველირო ნაკეთობა და 50 000 ბრილიანტი გაყიდა. კომპანიას აქვს ამბიცია, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისგან მიღებული ბრილიანტის ნაკეთობების საიუველირო ბაზარი შექმნას. ამის მთავარი მიზეზი ხელნაკეთ ბრილიანტზე გაზრდილი ინტერესია მილენიელთა ეპოქაში, რომელსაც 1985-2004 წლების თაობას ეძახიან, მაგრამ მათ ასაკი კი არა, უფრო ღირებულებების ერთობა აერთიანებთ, როგორიცაა მეტი თავისუფლება და ავტორიტეტების უარყოფა. მილენიელებს შედარებით იაფი ქვები ხიბლავთ, რომლებიც მათთვის გარანტირებულად არ არის შემოტანილი კონფლიქტის ზონებიდან. სწორედ ამ ფაქტორმა უკარნახა ცნობილ ბრენდ De Beers-ს, შეეცვალა თავისი მრავალწლიანი პოლიტიკა და აღარ ეთქვა უარი სინთეტიკური ძვირფასი ქვების გამოყენებაზე საიუველირო ნაკეთობებში.
Bain & Company-ის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლიდან, De Beers-ის ამ „შემობრუნების“ შემდეგ, ლაბორატორიულად გამოყვანილი ბრილიანტის ფასი ბოლო 2 წელიწადში დაეცა და დღეს ის მოპოვებულ ალმასთან შედარებით 10-ჯერ იაფია.
ლაბორატორიულად გამოყვანილი ბრილიანტების ახალ კოლექციას Pandora თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში წარადგენს და ის მომავალი წლიდან სხვა ძირითად ბაზარზეც ხელმისაწვდომი გახდება. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრილიანტების ბაზარი კიდევ უფრო იზრდება, ხოლო ლაბორატორიულად გამოყვანილი ბრილიანტების გაყიდვები საერთო ზრდას წინ უსწრებს. Pandora ლაბორატორიულად გამოყვანილ ძვირფას ქვებს ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიით დაამზადებს, რომლის დროსაც ნახშირწყალბადის გაზის ნარევი 800 ცელსიუსამდე გაცხელდება.
Pandora, რომელიც აქამდე ალმასს KGK Diamonds-ისგან ყიდულობდა, ლაბორატორიულ ძვირფას ქვებს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიმწოდებლებისგან შეიძენს, ხოლო ადრე შეძენილი მოპოვებული ალმასი კომპანიის მაღაზიების გაყიდვაში დარჩება.
მოპოვებული ალმასის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ალმასის მოპოვება გარემოს სერიოზულ ზიანს აყენებს, ხოლო ე.წ. სისხლიანი ალმასი კონფლიქტების დაფინანსების ძირითადი წყაროა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ