,,აუცილებელი, მაგრამ დაგვიანებულია“ - რა ეფექტი ექნება ტურიზმის სექტორში დასაქმებულების ვაქცინაციას

,,ეს არის გრძელვადიანი და დროში გაწელილი პროცესი, რაც ძალიან კარგია, რომ გვიან, თუმცა დაიწყო“- ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას სასტუმროების ასოციაციის ხელმძღვანელმა შალვა ალავერაშვილმა მთავრობის ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ტურისტული ინდუსტრია ვაქცინაციის კონტექსტში პრიორიტეტული ჯგუფი იქნება.

შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ ეს მისასალმებელი ინიციატივაა, თუმცა პროცესი არ იქნება მარტივი.

,,მისასალმებელი და კარგი ინიციატივაა, მთავარია, განხორციელდეს. აუცილებელი, მაგრამ დაგვიანებული ნაბიჯია, თუმცა უდავოდ პოზიტიური, რომ სტუმარ-მასპინძლობის სექტორის პერსონალს მიექცა ყურადღება. ეს იქნება დროში გაწელილი პროცესი და არა მარტივი. ასე არ არის, რომ ხვალ გადავუგზავნით სიებს ჩვენი პერსონალის და ხელისუფლება ჩასვამს ვაქცინის რიგში პრიორიტეტად. ასეთი მარტივი არ არის როგორც წარმოგვიდგენია.

უფრო კონკრეტულად რომ ავხსნა - დღეს თბილისში სასტუმროების მხოლოდ 35% მუშაობს. დანარჩენი დახურულია და შესაბამისად მათ აღარ ჰყავთ პერსონალი, რადგან ერთი წელია გაჩერებული არიან. ეს არის გრძელვადიანი და დროში გაწელილი პროცესი“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.

მისივე თქმით, ტურიზმის ინდუსტრიის ხელახალი ამუშავებისთვის, სხვა ნაბიჯების გადადგმაც აუცილებელია.

,,ტურიზმის აღდგენას, მხოლოდ ეს ნაბიჯი არ ეყოფა. პირველი და აუცილებელი წინაპირობაა სახმელეთო საზღვრების გახსნა და კომენდანტის საათის მოხსნა. ამას მოჰყვება თან ობიექტების გახსნა. სანამ ბიზნესი არ დაინახავს, რომ ქვეყნაში ტურისტული ნაკადები შემოდის, მანამდე პროცესი გაიწელება“ - ამბობს ალავერდაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი