საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა 4 წლის განმავლობაში საწვავზე 3 225 249,70 ლარი დახარჯეს, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებმა კი 4 თვის განმავლობაში (12 აპრილის მდგომარეობით) კი 172 253,61 ლარი.
როგორც “ინტერპრესნიუსის“ მიერ პარლამენტიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის ყოველთვიურად, ჯამში 25 000 ლიტრი საწვავი გამოიყოფა, ხოლო ავტომანქანის მომსახურებით პარლამენტის 47 წევრი სარგებლობს.
საჯარო ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა 4 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი საწვავი 2018 წელს მოიხმარეს და ბენზინისა და დიზელისთვის ბიუჯეტიდან დახარჯულმა თანხამ 969 772,37 ლარი შეადგინა. რაც შეეხება 2017 წელს, საწვავზე 748 381,04 ლარი დაიხარჯა. 2019 წლის ხარჯმა 870 254,27 ლარი შეადგინა. 2020 წელს კი ბიუჯეტიდან საწვავისთვის 636 842,02 ლარი დაიხარჯა.
საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის 12 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებმა ყველაზე ბევრი საწვავი მარტის თვეში მოიხმარეს და 22 ათასზე მეტი ლიტრ საწვავში დაახლოებით 52 ათასი ლარი დახარჯეს.
„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტით ნებისმიერი ხარჯი თითოეული პარლამენტის წევრისთვის ან აპარატის თანამშრომლისთვის არ გამოიყოფა, არ არის პერსონიფიცირებული. საქართველოს პარლამენტში მისი სტრუქტურის გათვალისწინებით განისაზღვრება ყოველთვიური ან წლიური ლიმიტები და მის ფარგლებში ხორციელდება ხარჯის გაწევა“, - აცხადებენ პარლამენტში.