თუ ოპერატიულად დაგვჭირდა პროდუქტი, შესაძლოა, ყაზახეთიდან შემოვიტანოთ, უკრაინიდანაც სისტემატურად შემოდის ტვირთი და შესაძლებელია წიწიბურის ჩამატება - კონკრეტულ მოლაპარაკებას გააჩნია. ზოგადად, საშუალო ფასი, რადგან რუსეთი ამ პროდუქციის ექსპორტს შეწყვეტს, გაიზრდება, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ „ინტერპრენსიუსს“, რუსეთის მიერ წიწიბურის ექსპორტის შეწყვეტასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.
ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, წიწიბურის დეფიციტი მოსალოდნელი არაა და ამ მხრივ რუსეთის ბაზარი ჩანაცვლებადია.
„ამ შემთხვევაში 100%-ით რუსეთზე ვართ დამოკიდებული. ალტერნატიული ბაზრებია უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი, კიდევ სხვები, თუმცა ეს ქვეყნებია ყველაზე ახლოს, საიდანაც შეგვიძლია შემოვიტანოთ წიწიბურა. მთლიანობაში, ამან შესაძლოა, ფასის ზრდა გამოიწვიოს, იმიტომ, რომ ყველაზე მარტივი და იაფი გზა იყო რუსეთი, სწორედ ამიტომ შემოდიოდა წიწიბურის 100% ამ ბაზრიდან. თუმცა ფასის რადიკალურ ზრდას და დეფიციტს, წესით, ადგილი არ უნდა ჰქონდეს იმიტომ, რომ ჯერჯერობით, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, მარაგები არის. რუსეთი სანამ ამ პროდუქციის ექსპერტს შეზღუდავს, არის საკმარისი დრო. ასევე ალტერნატიული ბაზრებიდან ამ პროდუქციის შემოსატანადაც არის საკმაოდ დიდი დროითი სივრცე. ამიტომ დეფიციტი, წესით, არ გვემუქრება. საბოლოო ჯამში, ეს ბაზარი ჩანაცვლებადია. სანამ შეგვეძლო, ვიყენებდით ამ გზას, პროდუქტის შედარებით იაფად მისაღებად, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი ამ თუ სხვა საკითხებს იყენებს მისთვის საჭირო პოლიტიკური მიზნებისთვისაც, ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რომ კარგია, როდესაც ვიყენებთ შესაძლებლობას, რომ იაფად შევიძინოთ ხარისხიანი პროდუქტი, მაგრამ ყოველთვის უნდა გვქონდეს ალტერნატივა, როდესაც რუსეთზე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ვართ დამოკიდებული.
რაც შეეხება ალტერნატიული ბაზრებიდან წიწიბურის ფასს, ჭარაიას თქმით, ეს საკითხი დამოკიდებულია როგორც შემოტანის ვადაზე, ასევე ტრანსპორტირების ფორმაზეც.
„სხვადასხვა ხარისხის წიწიბურა, იგივე რუსეთიდან შემოტანილი სხვადასხვა ფასი ღირს. უხეშად რომ ვთქვათ, ყველაზე მინიმალური ხარისხის წიწიბურა, მაქსიმალურად კარგ ხარისხთან შედარებით 2-3-ჯერ უფრო ძვირი ღირს. ამიტომ, გააჩნია, რომელ პარტიას შეიძენს დისტრიბუტორი, იქნება ეს საშუალო ხარისხის, თუ მაღალი. მაგრამ მთლიანობაში, ეს საკითხი მაინც დამოკიდებულია ტრანსპორტირებაზეც, ასევე იმაზე, რა ვადებში დაგვჭირდება ამის შემოტანა და რა გზით. მაგალითად, ჩინეთიდან შემოტანა შესაძლებლია მატარებლითაც და გემითაც. გემით უფრო იაფი ჯდება, თუმცა მატარებლით უფრო სწრაფად ჩამოვა. როგორც დაგვჭირდება, იმის მიხედვით არის შესაძლებელი მოქმედება“, - განაცხადა ჭარაიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავრობამ წიწიბურა შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალში დაამატა და მისი საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა. მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ აკრძალვა 2021 წლის 5 ივნისიდან ამოქმედდება და ძალაში 31 აგვისტომდე დარჩება.
დოკუმენტის თანახმად, გამონაკლისის დაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ წიწიბურა ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია.