რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი - „ლოკდაუნი“ არ არის გამოსავალი - ჩვენ კი არ ვისწავლეთ კოვიდის პირობებში ცხოვრება, არამედ ვისწავლეთ კოვიდისგან დამალვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურისტული სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და სასტუმროების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე სექტორის ნებაყოფლობითი, მაგრამ ორგანიზებული ვაქცინაციის შესაძლებლობები და აგრეთვე დარგის წინაშე არსებული სხვა გამოწვევები განიხილება.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, გამოწვევებს შორის კვლავ დასახელდება არსებული შეზღუდვები, რომელთა შემსუბუქება სფეროს არსებობისთვის მნიშვნელოვანია. შოთა ბურჯანაძის თქმით, აცრებს მნიშვნელობა დაეკარგება თუ სფერო აღარ იარსებებს.

„გინდ ვაქცინა გაგიკეთებია, გინდ არ გაგიკეთებია, თუ სფერო აღარ იარსებებს. დღეს შეზღუდვები გვაქვს 21:00 საათის შემდეგ და შაბათ-კვირას მუშაობის უფლება არ გვაქვს. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, ეს საკითხი ეკონომიკის მინისტრთან და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან აუცილებლად დაისმება. ამ თემაზე დღეს არ ვმსჯელობთ, დიდი ხანია ვმსჯელობთ. გარკვეულწილად ვაქცინაცია შეიძლება დაეხმაროს ამ ნაბიჯის გადადგმისთვის სახელმწიფოს - აღნიშნულ სფეროში თუ ვაქცინირებულთა რაოდენობა დიდ პროცენტს მოიცავს, მარტივი იქნება ამ ნაბიჯის გადადგმა“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის მატების მიუხედავად სრული ჩაკეტვის მოლოდინი არ აქვს, რადგან სახელმწიფო ამას ვერ გაუძლებს.

„მოლოდინი სრული ჩაკეტვის არ მაქვს, რადგან ეს წარმოუდგენელია, სახელმწიფო ამას ვერ გადაიტანს. ჩვენ ყოველთვის ვაჟღერებდით, რომ „ლოკდაუნი“ არ არის გამოსავალი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შეკავება რაღაც პერიოდით და შემდეგ ეს ისევ განვითარდება. ჩვენ კი არ ვისწავლეთ კოვიდის პირობებში ცხოვრება, არამედ ვისწავლეთ კოვიდისგან დამალვა, რაც ვერაფერს ვერ მოიტანს,“- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.