"ტურისტი, რომელიც ქვეყანაში დააპირებს მოგზაურობას, ინფორმირებული  იქნება, რომ საქართველო კოვიდუსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მატარებელია"

ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტის ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, ტურისტი, რომელიც ქვეყანაში დააპირებს მოგზაურობას, ინფორმირებული იქნება, რომ საქართველო კოვიდუსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მატარებელია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ეკონომიკის სამინისტრომ საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივა გააცნო.

„ეს ტურიზმის ინდუსტრიისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. კოვიდ უსაფრთხო სტატუსი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია. ის ტურისტი, რომელიც ქვეყანაში დააპირებს მოგზაურობას, ინფორმირებული იქნება რომ საქართველო კოვიდუსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მატარებელია. ასევე, ტურისტებს ეცოდინებათ ის ობიექტები, რომლებიც მასპინძლობას გაუწევენ ჩამოსულ ვიზიტორს. ეს სია განთავსებული იქნება ერთიან პლატფორმაზე. შესაბამისად, პლატფორმაზე იქნება ჩამონათვალი უკვე ვაქცინირებული თანამშრომლების და იმ ორგანიზაციების, რომლებიც თანამშრომლების ვაქცინაციას თვითონ უზრუნველყოფენ. ეს პროცესი უკვე ხელმისაწვდომია და ჩვენ სექტორს ხვალიდანვე შეგვიძლია განაცხადის გაკეთება, რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მეტ სტიმულს მისცემს იმოგზაურონ ქვეყანაში.

რაც შეეხება დეტალურ ბენეფიტებს, ახლა ეკონომიკის სამინისტროსთან მიმდინარეობს საუბარი, თუ რა ფორმით უნდა მიეწოდოს დამსაქმებელს იმისთვის, რომ მან დასაქმებულ პირებს მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. ბენეფიტების სიაც გამოქვეყნდება პლატფორმებზე, ჯერჯერობით, მიმდინარეობს მსჯელობა. პირველი რაც არის ისაა, რომ უპირატესობა როცა მიენიჭება უკვე ვაქცინირებულ ობიექტებს, ეს იქნება მნიშვნელოვანი ბენეფიტი. ტურისტი როცა ინფორმირებული იქნება ამგვარი ორგანიზაციების შესახებ, პირდაპირ ესტუმრება ასეთი ტიპის რესტორანი იქნება თუ სასტუმრო", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.