რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, სამ დღეში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ვაქცინაციის პროცესში ჩართვას შეძლებენ.
ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ბურჯანაძემ განმარტა, რომ სფეროში დასაქმებულმა ადამიანმა ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა, როგორც სახელმწიფოსგან, ისე კერძო სტრუქტურებიდან გარკვეული ბენეფიტი მიიღოს.
„ეს ფაქტი მისასალმებელია, ახლა უკვე მენეჯმენტის საკითხია. დაახლოებით სამ დღეში სფეროს წარმომადგენელს, ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია ვაქცინაციის პროგრამაში ჩაერთოს. სამ დღეში დავიწყება ვაქცინაცია იმ ადამიანების, რომლებიც ამ სფეროში არიან. ამის გარდა, რა თქმა უნდა, ჩემი სუბიქტური აზრია, ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია და ეს არის ერთადერთი გადარჩენა. ასევე გაჟღერდა ადამიანებისათვის, ვისთვისაც შესაძლებელია და ვისაც სურვილი ექნება, გარკვეული ბენეფიტები მიიღოს როგორც სახელმწიფოსგან, ისე კერძო სტრუქტურებისგან. ჩემი კონკრეტული ინიციატივა იქნება, რომ არა მარტო ჩვენს თანამშრომელს, არამედ ნებისმიერ ადამიანზე განვახორციელოთ ეს იდეა, ვინც ვაქცინირებული იქნება. რაც შეეხება ბენეფიტებს, ჯერჯერობით იდეა არსებობს, მუშაობს სახელმწიფო და თავად წარადგენენ ამის შესახებ. ბენეფიტებს მიიღებს ის კომპანიები, რესტორნები და სასტუმროები, რომლის თანამშრომლების 60%-დან 80-%-მდე იქნება აცრილი“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, დარგის წარმომადგენლების აცრა "ასტრაზენეკას", "სინოფარმის" და "სინოვაკის" ვაქცინით იგეგმება.
ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურისტული სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა.