The Daily Telegraph-ის ინფორმაციით, დედოფალ ელიზაბეტ II-ის ოფიციალურ რეზიდენციაში, ბუკინგემის სასახლეში Sloe Gin-ის წარმოება დაიწყეს. ამ კლასიკური ჯინის საფუძველში აღმოსავლეთ-ევროპული ქლიავია დამატებული. გაზეთის ცნობით, Sloe Gin შეიცავს მცენარეულ დამატკბობლებს, რომლებიც სასახლის ტერიტორიაზე მოჰყავთ.
Sloe Gin 26-გრადუსიანი სასმელია და მისი 500-მილიგრამიანი ბოთლი 30 გირვანქა სტერლინგად იყიდება. ამჟამად სასმელი მხოლოდ დიდ ბრიტანეთშია ხელმისაწვდომი. Sloe Gin ტიპიური ბრიტანული სასმელია და ტრადიციულად სახლის პირობებში ამზადებენ. ის ბრიტანეთის ტერიტორიაზე მოყვანილი სხვადასხვა კენკროვნებისგან მზადდება. თუმცა ბრიტანული კენკრა ნორმებს ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს და სასახლე იძულებულია, კენკრა აღმოსავლეთ ევროპაში შეიძინოს.
დედოფლის საქველმოქმედო ორგანიზაცია Royal Collection Trust-ში (RCT) აცხადებენ, რომ Sloe Gin-ში გამოყენებულია ბუნებრივი ნაყოფი და არა კონცენტრატები, ხოლო სასმელის უნიკალურ გემოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მოყვანილი ქლიავის გამოყენებით მიაღწიეს. საქველმოქმედო ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ Sloe Gin-ის გაყიდვებიდან მნიშვნელოვან შემოსავალს მიიღებენ. ამ თანხით კომპენსირდება ის შემოსავალი, რაც RCT-ს ტურისტების მიერ სასახლის დათვალიერების საფასურით უნდა მიეღო, მაგრამ კოვიდპანდემიის აკრძალვების გამო დაკარგა. ამ მიზეზით 2020-2021 წლებში დედოფლის საქველმოქმედო ფონდის დანაკარგად 60 მილიონ გირვანქა სტერლინგს ასახელებენ.