პოროშენკო ოფშორული კომპანიებით მდიდრულ ავეჯსა და ხელოვნების ძვირად ღირებულ  ნიმუშებს ყიდულობდა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პიოტრ პოროშენკო ფარულად, სულ მცირე, 6 ოფშორულ კომპანიას ფარულად აკონტროლებდა, რომლებიც მილიონიან კონტრაქტებს აფორმებდნენ. ისინი, აგრეთვე, პოროშენკოს საცხოვრებელი სახლისთვის მდიდრულ ავეჯსა და ხელოვნების ძვირადღ ირებულ ნიმუშებს ყიდულობდნენ. მათ შორისაა ,სალვადორ დალის სიურეალისტური სკულპტურა „გრძელფეხება სპილო“ და ილია რეპინის ტილო „კაზაკები შავ ზღვაზე.“ საგამოძიებო მასალებს კორუფციისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ცენტრი (OCCRP) საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს. ცენტრის ინფორმაციით, ფინანსური ოპერაციები ავსტრიულ ბანკ Raiffeisen-ის ანგარიშებიდან ხორციელდებოდა.

ერთ-ერთი ოფშორული კომპანია Vernon Holdings ბრიტანულ ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. მისი საშუალებით პოროშენკომ და მისმა მეუღლემ, მარინამ 2009-2012 წლებში 100 ათასი დოლარის ღირებულების რბილი ავეჯი იტალიური ლუქს-კლასის ავეჯის მწარმოებელი კომპანიებისგან შეიძინეს. 2019 წელს გავრცელებული ინფორმაციით, ამ კომპანიას პოროშენკოს ოჯახი აკონტროლებდა.

OCCRP-ის ანგარიშში წერია, რომ პროშენკო, ასევე, იყო Vernon Holdings-ის მიერ გაცემული სადაზღვევო პოლისის ბენეფიციარი. თუმცა ბანკ Raiffeisen-მა დოკუმენტებში, პოროშენკოს ნაცვლად, პოლისის ბენეფიციარად მისი საქმიანი პარტნიორი სერგეი ზაიცევი მიუთითა. Raiffeisen-თან თანამშრომლობდა კიდევ 11 ოფშორული კომპანია, რომელიც პოროშენკოსთან იყო დაკავშირებული.

როგორც საგამოძიებო მასალაში წერია, 2012 წელს პოროშენკომ, რომელიც მაშინ უკრაინის ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა, სალვადორ დალის სიურეალისტური სკულპტურა „გრძელფეხება სპილო“ შეიძინა. პოროშენკოსთან დაკავშირებულმა კომპანია Linquist-მა ამ სკულპტურაში ნიუ-იორკში Sotheby's აუქციონზე 338 500 დოლარი გადაიხადა. მოგვიანებით Linquist-მა ეს სკულპტურა პოროშენკოს ერთ-ერთ მედიაკომპანიაზე 342 500 დოლარად გაყიდა.

2013 წლის აპრილში, როცა პოროშენკოს მინისტრის პოსტი აღარ ეკავა, მან კომპანია Vernon Holdings-ის საშუალებით 6,7 მილიონი დოლარის ტილოები შეიძინა, რომელთა ავტორების უმეტესობა რუსია. მათ შორის იყო ილია რეპინის ტილო „კაზაკები შავ ზღვაზე.“ მოგვიანებით კომპანიამ ამ ქონების ფლობის იურიდიული უფლება პოროშენკოს გადასცა. უკრაინის ტერიტორიაზე არალეგალური გზით შემოტანისა და საბაჟო გადასახადებისთვის თავის არიდების გამო, გასულ წელს უკრაინის საგამოძიებო ბიურომ ამ კოლექციას სასამართლო აკრძალვა დაადო.

OCCRP-ის გამოძიებას პოროშენკოს პარტიაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ სასამართლო სარჩელს ამზადებენ. ამ ეტაპზე ექს-პრეზიდენტის იურისტები გამოძიების მასალებს ეცნობიან. მათი თქმით, ეს გამოძიება არის „ფეიკი“ და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი არცერთ ოფშორულ კომპანიას არ ფლობს.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამარცხების შემდეგ, პიოტრ პოროშენკოზე 10-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

კოკა კვირკველია