„კითხვა გვქონდა, თუ როდის მოიხსნება კომენდანტის საათი და შაბათ-კვირის შეზღუდვა“ - რა უპასუხა მთავრობამ ბიზნესს

,,კონკრეტული პასუხი არ გვაქვს, მაგრამ დაგვაიმედეს, რომ მალე გვექნება სიახლეები“, - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ სასტუმროების ასოციაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ კითხვა გვქონდა, თუ როდის მოიხსნება კომენდანტის საათი და შაბათ-კვირის შეზღუდვა. ასევე როდის გაიხსნება სახმელეთო საზღვრები. გვიპასუხეს, რომ მუშაობენ ამ თემებზე. კონკრეტული პასუხი არ გვაქვს, მაგრამ დაგვაიმედეს, რომ მალე გვექნება სიახლეები. არ ვიცით არც კონკრეტული თარიღი, როდის ველოდოთ ამ სიახლეებს.

გარდა ამისა, საუბარი იყო ჩვენი სექტორის ვაქცინაციაზე. პოზიტიური ინიციატივაა და პროცესიც აშკარად სწრაფად მიდის. ხვალიდან უკვე შეეძლებათ კომპანიებს დარეგისტრირდნენ პორტალზე და ამის შედეგ გვეცოდინება, სად და როგორ უნდა ავიცრათ“- განაცხადა ალავერდაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურისტული სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა.

თამარ მუკბანიანი