ამერიკული სასტუმროების ქსელ Hilton Worldwide Holdings-მა 2021 წლის პირველი ფინანსური კვარტალი წაგებით დაასრულა. მიზეზად ბიზნესზე პანდემიის ნეგატიურ გავლენას ასახელებენ.
იანვარ-მარტში კომპანიამ 108 მილიონი დოლარის სუფთა ზარალი ნახა მაშინ, როცა გასული წლის იმავე საანგარიშო პერიოდში 18 მილიონი დოლარის სუფთა მოგება ჰქონდა.
ამასთან, Hilton-ის შემოსავლები შარშანდელი 1,92 მილიარდი დოლარიდან 874 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების წინა პროგნოზით, კომპანიას 1,085 მილიარდი დოლარის შემოსავალი უნდა ჰქონოდა, თუმცა ეს პროგნოზი არ გამართლდა.
პირველ კვარტალში სასტუმრო ნომრის შემოსავალი (RevPAR) 38,4%-ით, 46,2 დოლარამდე შემცირდა, ხოლო დღე-ღამეში ნომრის ფასი 23%-ით, სასტუმროების დატვირთვა კი 11%-ით დაეცა.
„მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატებამ და შეზღუდვების გამკაცრებამ კომპანიის იანვარ-თებერვლის შემოსავლებს მნიშვნელოვნად დაარტყა, მარტ-აპრილში სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა. ველოდებით, რომ ეს პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება, რადგან ვაქცინაციის მასშტაბები იზრდება და ჩვენი კლიენტები თავს ისევ უსაფრთხოდ გრძნობენ,“ - განაცხადა Hilton-ის გენერალურმა დირექტორმა კრისტოფერ ჯეი ნასეტამ.
28 აპრილის მდგომარეობით, Hilton-ის მფლობელობაში არსებული სასტუმროების 97%-მა მუშაობა განაახლა.