ტოკიოს გუბერნატორის იურიკო კოიკეს განცხადებით, კოვიდ 19-ის გავრცელების შესაჩერებლად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაა საჭირო.
„სხვადასხვა კუთხით ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, ჩემი აზრით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება გვჭირდება,” - აღნიშნა კოიკემ ჯანდაცვის ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, ტოკიო აღნიშნულ საკითხს მეზობელ პრეფექტურებთან და ცენტრალურ მთავრობასთან ერთად განიხილავს.
იაპონიას იმედი ჰქონდა, რომ პანდემიის გავრცელების მეოთხე ტალღას ტოკიოს ოლიმპიადამდე 3 თვით ადრე, 25 აპრილს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით შეაჩერებდა. თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საჭირო გახდება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება, რომლის ვადაც 11 მაისს იწურება.
Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტოკიოს, ოსაკას, კიოტოს და ჰიოგოს პრეფექტურებში საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივებას გეგმავენ.