აშშ-ში ინფლაციის სწრაფ ტემპებს პროგნოზირებენ

აშშ-ში მომდევნო თვეებში შესაძლოა, ინფლაციის მაღალი ტემპი დაფიქსირდეს. ამის მიზეზად The Wall Street Journal სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის მხარდაჭერისთვის მიღებულ ზომებს ასახელებს.

გამოცემა არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას აანალიზებს და ასკვნის, რომ „ინფლაციაზე ყველაფერი მიუთითებს.“ პირველ რიგში, მკვეთრად გაიზარდა ფედერალური ხარჯები; მეორეც, ფედერალური სარეზერვო სისტემა ინფლაციის რისკებს ზედმეტად მშვიდად უყურებს და პრევენციულ ზომებს არ იღებს. მესამე ფაქტორი კი ისაა, რომ შრომით ბაზარზე დასაქმებულთა ზრდის ტემპი მაღალი არ არის: ჩინეთთან კონკურენციის ზრდის ფონზე დასაქმებული ამერიკელები მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდნენ და მაღალი ანაზღაურება მიიღეს. დაქირავებული მუშახელის რაოდენობისა და საწარმოების ზრდა, თავის მხრივ, სწრაფ ინფლაციას უწყობს ხელს.

The Wall Street Journal არ გამორიცხავს, რომ ინფლაციის ზრდამ შესაძლოა, 2%-ს გადააჭარბოს და 3%-ს ან 5%-საც კი მიაღწიოს, რაც თავის მხრივ, ამერიკის ეკონომიკის აღდგენის გეგმას დაარტყამს.

ამ ეტაპზე ამერიკის ეკონომიკის აღდგენაზე კარგი პროგნოზი კეთდება. აპრილის დასაწყისში მსოფლიო სავალუტო ფონდმა აშშ-ს ეკონომიკური ზრდის წლევანდელი პროგნოზი 6,4%-მდე გაზარდა, ფედერალურ სარეზერვო ბანკში კი 7%-იან ზრდას ელოდებიან. ფედერალური სარეზერვო სისტემა, ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად, საპროცენტო განაკვეთს 0-დან 0,25%-ის ფარგლებში ინარჩუნებს.

კოკა კვირკველია