საქართველო მომავალშიც რუსულ ბაზარზე იქნება კონტენტრირებული - ევროპელი ფერმერები ქართულ მოცვზე

საქართველო მოცვის თითქმის მთელ მოსავალს რუსულ ბაზარზე ყიდის, შესაბამისად, ის ვერ გახდება ევროკავშირის ბაზარზე ევროპული მოცვის კონკურენტი - ასე აფასებს East-Fruit-თან საუბრისას ნიდერლანდელი ფერმერების ნაწილი ქართული მოცვის პერსპექტივებს ევროკავშირის ბაზარზე.

შეიცავს თუ არა კონკურენციის საფრთხეებს ქართული და უკრაინული მოცვის ექსპორტი ევროკავშირის ფერმერებისთვის - ამ საკითხზე პორტალმა EastFruit-მა სოციალურ ქსელ LinkedIn-ის ინგლისურენოვან ჯგუფში გამოკითხვა ჩაატარა. ჯგუფი ევროკავშირის ხილ-ბოსტნეული ბიზნესის პროფესიონალ ხელმომწერებს აერთიანებს.

ევროკავშირის მოცვის ბაზარზე საქართველოსა და უკრაინას კონკურენტებად გამოკითხულთა 9% მიიჩნევს. 4%-ისთვის სულ ერთია, იქნება თუ არა მზარდი მათი ექსპორტი. 22% ფიქრობს, რომ ქართული და უკრაინული მოცვის გამოჩენა ბაზარზე რაიმე ზეგავლენას ვერ მოახდენს. უმრავლესობა, 64% მიიჩნევს, რომ მოცვის ბაზარზე მაღალი კონკურენცია პოზიტიური ფაქტორია.

EastFruit აღიარებს, რომ აღნიშნული გამოკითხვა რეპრეზენტატული არაა და არც იმის გაკონტროლება შეეძლო, პასუხობდნენ თუ არა კითხვაზე ნამდვილად ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები. თუმცა თავის გამოკითხვას პორტალი დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებებსაც თან ურთავს. მაგალითად, საქართველოს მაგალითზე პორტალი აღნიშნავს, რომ ბაზრის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა არც კი იცის, რომ საქართველო მოცვის ექსპორტს ეწევა. მიზეზად ასახელებენ იმას, რომ საქართველო მოცვის თითქმის მთელ მოსავალს რუსულ ბაზარზე ყიდის. ნიდერლანდების ხილ-ბოსტნეული ბიზნესის სპეციალისტების შეფასებით, საქართველო და უკრაინა ევროკავშირის მოცვის ბაზარზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს, რადგან საქართველო მომავალშიც რუსულ ბაზარზე იქნება კონცენტრირებული, სადაც მოთხოვნა ყოველთვის დიდი იქნება და თითქმის მთელ მოსავალს „შეისრუტავს“.

საქართველოში ყოველწლიურად 200-300 ჰექტარი მოცვის პლანტაცია შენდება, რამაც EastFruit, მონაცემებით უკვე 1000 ჰექტარს მიაღწია. 2020 წელს საქართველომ, დაახლოებით, 750 ტონა მოცვი მოიყვანა, რომლის 90% ექსპორტზე გავიდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (FAO) პროგნოზით, თუკი საქართველო მიმდინარე სეზონზე მოსავალს გააორმაგებს, ქვეყანა მოცვის 25 მსხვილ ექსპორტიორთა რიცხვში ჩაეწერება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ