,,ტურისტული სფეროს მინიმუმ ნახევარი მზადაა აიცრას“ - რესტორატორთა ასოციაცია

მთავრობამ ტურისტული სექტორი ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფად გამოაცხადა.

პროცესი დღეს, პორტალის გახსნით დაიწყო, სადაც სფეროს წარმომადგენლებს შეუძლიათ რეგისტრაცია, თუმცა როდის დაიწყება ვაქცინაცია, ჯერ უცნობია - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, პროცესი იყო მსჯელობა, რა პრივილეგიები ექნებათ ობიექტებს, რომლის თანამშრომლების 60%-ზე მეტიც აიცრება.

,,ტურიზმის სფეროს ვაქცინაცია, ერთის მხრივ განაპირობებს ჩამოსული ვიზიტორების უსაფრთხოებას, მეორეს მხრივ კი უმნიშვნელოვანესია თავად სექტორის წარმომადგენლებისთვის, ჰქონდეთ ჯავშანი, რადგან ისინი პირველები ეკონტაქტებიან ქვეყანაში ჩამოსულებს.

საკმაოდ დიდი დარგია და ცხადია დავსვით საკითხი, იქნება თუ არა საკმარისი ვაქცინა. გვეუბნებიან, რომ მიდის სხვადასხვა არხებით მუშაობა და ვაქცინაზე პრობლემა არ იქნება. ბერკეტები რაც შემოგვთავაზეს, იყო საკმაოდ მოქნილი. ჩვენ ჯერ არ ჩაგვიტარებია კვლევა, თუმცა გამოკითხვებით რაც გვქონდა ასოციაციებში, სფეროს მინიმუმ ნახევარი მზადაა აიცრას. ჩვენ ველოდებით მთავრობის მხრიდან და ამაში ჩვენც დავეხმარებით, იყოს აქტიური სარეკლამო კამპანია. დღეს არ ხდება მკვეთრი ინფორმირება და მხოლოდ ჭორები მუსირებს.

ჯერ სამუშაო რეჟიმია, მაგრამ არ არის გამორიცხული, ობიექტს, სადაც 60% აიცრება მიენიჭოს ჰოლოგრამა, რომ დაცულია. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ვადები აღებული და გვინდა, ზაფხულის სეზონამდე იყოს დიდი ნაწილი აცრილი. მიდის საუბარი იმაზეც, რომ ვაქცინირებულ ობიექტებს ჰქონდეთ შაბათ-კვირის შეზღუდვაზე შერბილება, კომენდანტზე და ა.შ. საბოლოო ვერსიაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი, ეს პირველი შეხვედრა იყო“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ ,,საქმეში“.

ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურისტულ სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა.

თამარ მუკბანიანი